ახალი ამბები

“ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს” – თურნავა ჩაკეტვაზე

10 სექტემბერი, 2020 • 818
“ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს” – თურნავა ჩაკეტვაზე

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა პანდემიის საწყის ეტაპზე დაწესებულ შეზღუდვებს მეორედ ვეღარ გაუძლებს და ამიტომ მთავრობა ცდილობს მსგავსი მკაცრი ზომების მიღება საჭირო აღარ გახდეს. მინისტრის თქმითვე, ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რიცხვის მომატება ვირუსის გავრცელების ე.წ მეორე ტალღის დაწყებას მიანიშნებს.

„ის მეორე ტალღა, რომელსაც მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ, საქართველოში უკვე დაწყებულია, ამას რამდენიმე მიზეზი გააჩნია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პირველივე დღიდან ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლზე აყვანისა და იმისთვის, რომ ეს პროცესი მართვადი ყოფილიყო. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ უფრო დიდად შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს უკვე ერთხელ გავიარეთ და ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს, შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებების და ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით იმედი გვაქვს, რომ შედარებით უმტკვივნეულოდ გავივლით ამ პროცესს,“ – განაცხადა მინისტრმა.

ქვეყანაში მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორებიცაა ქელეხები და ქორწილები, იკრძალება. გარდა ამისა, იკრძალება სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი