ალექსიევიჩის თქმით, ნიღბიანებმა მის სახლში შეჭრა სცადეს

ბელარუსელი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი აცხადებს, რომ ნიღბიანმა პირებმა მის სახლში შეჭრა სცადეს. ალექსიევიჩი ბოლოა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრთაგან, რომელიც ამ დრომდე თავისუფალია და ქვეყნის შიგნით იმყოფება.

ალექსიევიჩის თქმით, დღეს, 9 სექტემბერს, ჯერ ნიღბიანი პირები შეეცადნენ მის საცხოვრებელ ბინაში შეჭრას, შემდეგ კი უცნობი პირები კარზე კაკუნითა და სატელეფონო ზარებით ავიწროებდნენ.

აღნიშნულის შემდეგ, მწერლის სახლში, მის მხარდასაჭერად, დიპლომატები შეიკრიბნენ.

“ოპოზიციის შევიწროება, დაპატიმრებები და ქვეყნიდან ძალით გაძევება… მშვიდობიანი პროტესტის მნიშვნელოვანი ხელყოფაა”, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც სოციალურ ქსელში ალექსიევიჩისა და ელჩების ფოტო გამოაქვეყნა.

Harassments, arrests & forced exile of opposition in Belarus is serious violation of peaceful protests by the regime in Belarus.

Happy to share this photo taken a moment ago in Minsk with
Svetlana Aleksijevitj surrounded by European diplomats, including a Swedish diplomat. ?? pic.twitter.com/b96Nafhlf6

— Ann Linde (@AnnLinde) September 9, 2020

სვეტლანა ალექსიევიჩი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრია, რომელიც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების პარალელურად შეიქმნა. მწერალი არის საბჭოს ბოლო წევრი, რომელიც არ დაუკავებიათ ან ქვეყნიდან არ გაუძევებიათ.

დღესვე, ინფორმაცია გავრცელდა საბჭოს კიდევ ერთი წევრის, ადვოკატ მაქსიმ ზნაკის გატაცების შესახებ. მოწმეთა თქმით, ის და მისი კიდევ ერთი თანაგუნდელი ქუჩაში ნიღბიან პირებს მიჰყავდათ. BBC-ის ცნობით, მანამდე მან კოლეგას უთხრა, რომ “ვიღაც მოვიდა”, შემდეგ კი ტელეფონი გათიშა. ამ მომენტიდან მალევე, ადვოკატმა ონლაინ ჩატში გაგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება: “ნიღბიანები”. ამით მან, სავარაუდოდ, ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე მიანიშნა.

აღნიშნულ მოვლენებს წინ უძღოდა ბელარუსელი ოპოზიციონერის, მარია კოლესნიკოვას დაკავება 8 სექტემბერს. გავრცელებული ცნობებით, ბელარუსის ხელისუფლება ქვეყნიდან მის გაძევებას ცდილობდა, რა დროსაც კოლესნიკოვამ საზღვარზე პასპორტი დახია და ამ გზით აიცილა დეპორტი.

ოპოზიციის საბჭოს შექმნიდან მალევე, ალექსანდრე ლუკაშენკომ ის ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა.

რა მოუვიდა კოლესნიკოვას და რას ედავებიან მას – აქტივისტების ნაამბობი