სატელიტის კადრები გადაღებულია EU-ს 4 ქვეყნის კორპორაციული პროგრამის ფარგლებში – HRIDC 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები 23 წლის პროგრამისტის საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.

ადვოკატების აზრით, მკვლელობის მუხლით გამოძიების გადაკვალიფიცირების საფუძველს იძლევა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული სატელიტის კადრები, რომელის მიხედვითაც, 19 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში არ დგას. მიხეილ რამიშვილთან ერთად, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRIDC) იურისტი ეკა ქობესაშვილი იცავს. HRIDC სრულ ნდობას უცხადებს რამიშვილის მიერ მოპოვებულ სატელიტის კადრებს და ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა მიიღოს ეს მტკიცებულბა ან მოიპოვოს საპირისპირო ფოტოები, რაც აქამდე ვერ მოახერხა.

ეკა ქობესაშვილის ინფორმაციით, სატელიტის კადრები გადაღებული იყო ევროკავშირის 4 ქვეყნის კორპორაციული ვადიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში.

“არის ევროკავშირის ვადიანი კორპორაციული პროგრამა, რომელშიც მოცემულ შემთხვევაში გაერთიანებული იყო ევროკავშირის 4 ქვეყანა და დამატებით 10 ქვეყანა. ამ კორპორაციული სასწავლო პროგრამის ფარგლებში ხდებოდა სატელიტიდან ფოტოების გადაღება. ეს ხალხი დაგვეხმარა ჩვენ, მოიპოვა ფოტოსურათები და გადმოგვცა. ფაქტია, რომ იქ თამარის მანქანა არ იდგა. ახლა მივიდეს პროკურატურა და ამტკიცოს, რომ იდგა და თვითონ მოგვიტანოს საპირიპირო ფოტოები. თუ არადა, მიიღოს ჩვენი მტკიცებულება და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება , რაც საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალივფიცირებას გულისხმობს”, – განაცხადა ქობესაშვილმა.

ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა, 23 ივლისს კი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მიხეილ რამიშვილის თქმით, სატელიტიდან გადაღებული კადრები ასახავს სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს. გასაჯაროებული კადრების მიხედვით, 19 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა იმ ადგილას არ დგას, სადაც იპოვეს, სხვა დღეები კი ღრუბლიანი იყო და ფოტოები გარჩევადი არ არის. რამიშვილი ამბობს, რომ პროკურატურას არაერთხელ მიმართა 18-22 ივლისის სატელიტის კადრების აღმოღების თხოვნით, თუმცა საგამოძიებო უწყებამ ეს ვერ ან არ მოახერხა, რის შემდეგაც ადვოკატმა სატელიტის კადრები საკუთარი ძალისხმევით მოიპოვა.

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მის მიერ გასაჯაროებულ ფოტომასალის ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა.

“ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვევა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ არის მითითებული ვებგვერდი, სატელიტური თანამგზავრი, კომპანია, ქვეყანა  და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, ასევე დაესახელებინა წყარო, ვისი მეშვეობითაც მოიპოვა აღნიშნული ფოტოები, რათა გამოძიების მიერ მომხდარიყო ოფიციალური საერთაშორისო სამართლებრივი წყაროებით  გადამოწმება და გამოთხოვა. საგამოძიებო უწყებაში, მიხეილ რამიშვილმა უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან. მიხეილ რამიშვილმა წარმოადგინა მხოლოდ 2  ფოტო და ვინაიდან არ წარმოუდგენია მათი წარმომავლობის წყარო და შესაბამისი მონაცემები, პროკურატურა ვერ იმსჯელებს აღნიშნული ფოტომასალის ნამდვილობაზე. აქედან გამომდინარე, რადგან არსებობს აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის ეჭვი, იმის დადგენის მიზნით ხომ არ არის აღნიშნულ ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურა ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში, მისი მანქანის აღმოჩენის ადგილის სატელიტით გადაღებული ფოტოების მოძიების მიზნით უკვე  მიმართა პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებს, ევროპოლს,  ასევე  კომპანიებს: Land info, Digital globe, Skywatch, L3harris technologies, Eosda, Geocento limited, Orbit logic incorporated, Imagesatintl, Slingshotaerospace, Planet.com, European space imaging, Astro digital, ISI, Satellogic, Ursa space imaging, The European space agency, Landviwer, Spymesat, Airbus, Siis.

“ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების, ევროპოლის და კომპანიების ნაწილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ არ გააჩნიათ  გამოძიებისთვის საინტერესო დროის მონაკვეთში ხსენებული ტერიტორიის  სატელიტით გადაღებული ფოტოები”, – აცხადებს საქართველოს პროკურატურა და ამბობს, რომ აგრძელებს იმ კომპანიების მოძიებას, რომლებიც შეძლებენ 18-22 ივლისის პერიოდში, აღნიშნული ტერიტორიის ამსახველი სატელიტიდან გადაღებული  ფოტომასალის მოწოდებას.

 

სატელიტის კადრებით, ბაჩალიაშვილის მანქანა 19 ივლისს ტყეში არ დგას – რამიშვილი