ბჟანია და ბიბილოვი მოსკოვში შეხვედრებს მართავენ

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრნენ. ინფორმაციას აფხაზური და ოსური მედია ავრცელებს.

აფხაზური მედიის ცნობით, ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებში შეხვედრებს გამართავს. სხვა დეტალების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

რაც შეეხება ანატოლი ბიბილოვს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ოსური მედიის ინფორმაციით, მოსკოვში დე ფაქტო მინისტრების მოვალეობის შემსრულებლებთან ერთად იმყოფება, სადაც რუს ჩინოვნიკებთან შეხვედრებს მართავს.

ცხინვალის იზოლატორში 29 წლის ინალ ჯაბიევის სასიკვდილოდ ცემის შემდეგ დაწყებული აქციების ფონზე ბიბილოვმა მთავრობა დაითხოვა. დე ფაქტო მთავრობის წევრთა მოვალეობას იგივე ჩინოვნიკები ასრულებენ. ახალი მთავრობის ფორმირება უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს.

დე ფაქტო ლიდერები და სხვა თანამდებობის პირები რუსეთში სამუშაო ვიზიტებით პერიოდულად მიემგზავრებიან.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.