ახალი ამბები

ოქრიაშვილი პრემიერის პოსტზე სააკაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს

7 სექტემბერი, 2020 •
ოქრიაშვილი პრემიერის პოსტზე სააკაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს

პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ერთ-ერთი ლიდერი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ოქრიაშვილი ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებასაც უჭერდა მხარს, ის განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრი პარტიის ლიდერი უნდა იყოს და არა “ოფისმენეჯერი”.

“თუ ხარ პარტიის ლიდერი, შენ უნდა იყო პრემიერი და ოფისმენეჯერი არ უნდა დააყენო პრემიერ-მინისტრად, რა თქმა, უნდა ვუჭერდი მხარს [ბიძინა ივანიშვილის პრემიერობას]. დღეს არის მოცემულობა, რომ 40%-მდე აქვს “ძალა ერთობაშიას” რეიტინგი. როდესაც ველოდებით, რომ გაერთიანებამ პროპორციული ხმები 40%-მდე უნდა აიღოს, შეუძლებელია, ასეთ გაერთიანებას პრემიერის კანდიდატურა არ ჰყავდეს წარმოდგენილი.
რატომ მიხეილ სააკაშვილი? — იმიტომ, რომ ყველაზე მსხვილი პარტია, რომელიც შედის საარჩევნო ბლოკში, არის “ნაციონალური მოძრაობა” და ის არის ენმ-ს უცვლელი ლიდერი. ასე, რომ არაფერი გასაკვირი ამაში არ არის”, — განაცხადა ოქრიაშვილმა.

მისივე თქმით, ის “ქართული ოცნებიდან” არ წამოსულა და მისი პრინციპული პოზიციის გამო პარტიამ “განდევნა”.

“მე მქონდა პრინციპული პოზიცია გავრილოვის დილასთან დაკავშირებით — ვინ მოიყვანა და ჩასვა იმ სავარძელში, სადაც იჯდა, მეორე — ეს იყო მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება, დღესაც მე მაჟორიტარული სისტემის მომხრე ვარ და საერთოდ, საპრეზიდენტო მმართველობის მომხრე ვარ. ამის გარდა იქ იყო ბანკების თემა, ნიკა მელიას თემა… რასაც მე არ ვეთანხმებოდი და იმ გუნდმა [“ქართულმა ოცნება”] გამრიყა”, — განაცხადა ოქრიაშვილმა.

როგორც ცნობილია, კახა ოქრიაშვილის პარტია “პროგრესი და თავისუფლება” საარჩევნო ბლოკს “ძალა ერთობაშია” შეუერთდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ და “პროგრესი და თავისუფლების” თავმჯდომარემ კახა ოქრიაშვილმა მოაწერეს ხელი.

როგორც ოქრიაშვილმა განაცხადა, “პროგრესი და თავისუფლება” იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოში შეიქმნება საუკეთესო ბიზნესგარემო.

კახა ოქრიაშვილი, — სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი, — რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს შორის არ დაუსახელებიათ.

ოპოზიციური კოალიცია “ძალა ერთობაშია” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს წარადგენს. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ, დღეს, 7 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“იმისათვის, რომ ამ გადაწყვეტილების გაანალიზება მოხდეს სწორად და გავიგოთ მისი მნიშვნელობა, უნდა გავიხსენოთ, რა სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლისგანაც აღარაფერი იყო დარჩენილი სატელეფონო კოდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა”, – აღნიშნა ვაშაძემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას.

მისი თქმით, “სააკაშვილის რესურსის გამოყენება სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად აუცილებელია”, თუ ქვეყანას შიდა და საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევა სურს.

კითხვას, როგორ აპირებს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, ვაშაძემ უპასუხა, რომ ამაზე სააკაშვილი თავად ისაუბრებს.

მანამდე, 6 სექტემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნების გეგმაზე დღეს, 7 სექტემბერს, ისაუბრებს. მან გასულ წლებშიც, რამდენჯერმე დააანონსა საქართველოში დაბრუნება.

ალიანსი ოქრიაშვილთან – პლუსი თუ მინუსი ენმ-სთვის?

მასალების გადაბეჭდვის წესი