ნეტგაზეთი | როდის და რა ფორმატში განაახლებენ უმაღლესი სასწავლებლები სწავლას როდის და რა ფორმატში განაახლებენ უმაღლესი სასწავლებლები სწავლას – Netgazeti
RU | GE  

როდის და რა ფორმატში განაახლებენ უმაღლესი სასწავლებლები სწავლას

სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ნაწილი სასწავლო პროცესს სექტემბერში განაახლებს. როგორც უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა ნეტგაზეთს უთხრეს, სწავლა ზოგგან შერეული ფორმით, ზოგან კი სრულად აუდიტორიებში განახლდება.

მაგალითად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სწავლას ყველა საფეხურის სტუდენტისთვის სექტემბერში იწყებს. თუმცა, როგორც უნივერსიტეტის პრესსამსახურში გვეუბნებიან, დისტანციურ სწავლებაზე ნაწილობრივი ან სრულად გადასვლა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა ლაშა საღინაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ სწავლა 14 სექტემბერს ე.წ. შერეული ფორმით განახლდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ლექციების ნაწილი ონლაინ ჩატარდება. საუბარია ისეთი საგნების ლექციებზე, რომლებსაც ასობით სტუდენტი ესწრება, თუმცა თითქმის სრულად აუდიტორიაში ჩატარდება სემინარები. შენობაში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება.

“სწავლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14 სექტემბერს ვიწყებთ, თუმცა, შერეული ფორმატით. რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ საფეხურზე ჩვენ სტუდენტებს აუდიტორიებში ვიწვევთ, მაგრამ რიგ შემთხვევებში დიდი მოცულობის ლექციები დისტანციურ რეჟიმში გვექნება, რათა მაქსიმალურად ვეცადოთ, მობილობა შევამციროთ. ლექციების ნაწილიც უნივერსიტეტის აუდიტორიებში ჩატარდება. თუმცა ის ლექციები, რომლებიც დიდი მოცულობის იყო, ანუ იქ თავს იყრიდა 200-300 სტუდენტი, ასეთი ტიპის ლექციები დისტანციურ რეჟიმზე გადავა. სემინარების დიდი ნაწილი კი აუდიტორიებში ჩატარდება”, – ამბობს კანცლერი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა 21 სექტემბერს იწყება. როგორც ნეტგაზეთს სასწავლებლის პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, სტუდენტების მისაღებად მზად არიან, საუბარია სანიტაიზერებსა თუ სხვა ჰიგიენურ საშუალებებზე. შენობაში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება.

ჯერ არ იციან, რა ფორმით განახლდება სწავლა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა), თუმცა სწავლის დაწყებას ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებისთვის 14 სექტებერს, ხოლო მაგისტრანტებისთვის 27 სექტემბერს გეგმავენ. როგორც უნივერსიტეტის პრესსამსახურში გვითხრეს, სწავლა ნაწილობრივ დისტანციურად განახლდება თუ მთლიანად აუდიტორიაში, ამაზე გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება მიღებული. მათივე თქმით, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები ხვდებიან განათლების მინისტრს, სადაც ამ საკითხზეც იქნება მსჯელობა.

სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში 7 სექტემბერს, ხოლო აგრარულ უნივერსიტეტში 15 სექტემბერს იწყება. როგორც უნივერსიტეტის პრესსამსახურში ამბობენ, ამ ეტაპზე ორივე სასწავლებლის შემთხვევაში სწავლის სრულად აუდიტორიებში განახლება იგეგმება. “შესაბამისი რეკომენდაციების გათვალსიწინებითა და დისტანციის დაცვით”.

ჯიპას მსგავსად, სწავლას რა ფორმით დაიწყებენ ჯერ არ იციან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, თუმცა იბსუ-ში გვეუბნებიან, რომ სავარაუდოდ, სწავლების შერეულ მოდელს გამოიყენებენ, ანუ ლექციების ნაწილი დისტანციურად ჩატარდება. ამასთან, აცხადებენ, რომ შესაძლოა პირველი კურსის სტუდენტებისთვის სწავლება სრულად აუდიტორიაში იყოს. რაც შეეხება თარიღს, სწავლა შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 14 სექტემბერს დაიწყება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.