ახალი ამბები

ბაჩალიაშვილის ტრაგედიასთან სუს-ს არანაირი შეხება არ აქვს – სუსი

31 აგვისტო, 2020 • 1753
ბაჩალიაშვილის ტრაგედიასთან სუს-ს არანაირი შეხება არ აქვს – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მცდარია ინფორმაცია მათი კუთვნილი მანქანებით თამარ ბაჩალიაშვილის შესაძლო თვალთვალის შესახებ და ამ ინფორმაციის გავრცელებამიზნად ისახავს სუს-ის დისკრედიტაციას.

„პირველ რიგში, სამსახურის სახელით გვსურს თანავუგრძნოთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია“, – წერია სუს-ის მიერ 31 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „მიზანმიმართულად გავრცელებულ ყველა არასწორ ვერსიას გააჩნია აღნიშნული სამსახურის და მისი ღირსეული თანამშრომლების დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანი“,  „ცრუ ვერსიების გავრცელების უკან კი დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფები და კონკრეტული მედიასაშუალებები“.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტომობილების გადაადგილება აღნიშნულ მარშრუტზე ხორციელდება ყოველდღიურად, რაც უკავშირდება თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად და ღირსეულად შესრულებას“, – წერია განცხადებაში.


პროკურატურამ გასულ კვირას განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დღეს, 18 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამი მანქანა მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნა ბაჩალიაშვილის ავტომობილის უკან და მალევე სხვა მხარეს გადაუხვიეს.

„გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადის სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან“, – წერს პროკურატურა.

საგამოძოები უწყების განცხადებით, ეს ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე „მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადის საწვრთნელ ბაზაზე, ხოლო თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ- თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე“.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის გავრცელებული ვიდეო სუს-ის იმ სამ მანქანაზე, რომლებიც გაუჩინარების დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას უკან გარკვეული პერიოდი მიჰყვებოდნენ, ყველა კითხვას პასუხს არ სცემს.

მიხეილ რამიშვილის თქმით, შავნაბადის ბაზიდან არსებობს „საიდუმლო გასასვლელი, რომელიც ტაბახმელათი უკავშირდება მაწევანს“. მისი თქმითვე, „არის მარტივი გადასასვლელი გზა და ჯიპებს შეეძლოთ ჩასულიყვნენ [შეხვედრის ადგილას]“.

„ამიტომ ოჯახის მოთხოვნაა, მოგვცენ ჩანაწერი, სადაც გამოჩნდება, თუ რომელ საათზე, რა დროს გამოდიან ეს ჯიპები სამხედრო ბაზიდან. თუ არ გამოდის, რამდენ ხანს რჩება“, – განუცხადა 27 აგვისტოს მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს.

„მე შესვლის კადრები ვნახე, გამოსვლის კადრები დღემდე არ მინახავს“, – განაცხადა მან. რამიშვილის თქმით, პროკურატურას განცხადებაში ის მაინც უნდა დაეფიქსირებინა, რომ მოითხოვეს ჯიპების გამოსვლის კადრების და დროის ამოღება. „გვანახონ, როდის გამოდის შავნაბადიდან ეს სამი ჯიპი“.


„მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებაში არსებული ინტერესის გათვალისწინებით, დაელოდონ გამოძიების შედეგებს, რომელიც აუცილებლად მოჰფენს ნათელს საზოგადოებისთვის ყველა დღემდე უცნობ დეტალს“, – წერს სუს-ი 31 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.

ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. ისინი ამბობდნენ, რომ ქალი ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, 23 აგვისტოს კი დედამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, მისი შვილი მოკლეს.

პროკურატურა აცხადებს, რომ საქმის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი