ცხინვალში მორიგი აქცია გაიმართა – ამჯერად გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ

29 აგვისტოს ცხინვალში არასანქცირებული საპროტესტო დემონსტრაცია გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ გაიმართა.

მოქალაქეები, მათ შორის დე ფაქტო პარლამენტის წევრები, საღამოს საათებში შეიკრიბნენ და ინალ ჯაბიევის სავარაუდო მკვლელობა გააპროტესტეს.

28 წლის ინალ ჯაბიევი ცხინვალის იზოლატორში დაკითხვისას, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს, რასაც იმავე საღამოს საპროტესტო დემონსტრაცია და დე ფაქტო პრემიერისა გადადგომა და მთავრობის დათხოვნა მოჰყვა.

28 წლის ინალ ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო შინაგან საქმეთა დე ფაქტო მინისტრის მანქანის დაცხრილვაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იზოლატორში ამ საქმეზე დაკავებულ მეორე პირსაც სცემეს და იგი ამ დრომდე მძიმედაა.

დე ფაქტო მთავრობის მედიასაშუალება „რესის“ ცნობით, ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე, 300-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ ინალ ჯაბიევის გარდაცვალება „არაპროფესიონალიზმმა და სამართალდამცავი ორგანოების უხეშმა თვითნებობამ“ გამოიწვია.

29 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ბიბილოვი ასევე ამბობს, რომ საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და „შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს“. მათ უფლებამოსილება შეუჩერეს.

დე ფაქტო პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ დაუშვებელია, „ტრაგედიის ვინმეს არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იყოს გამოყენებული“.

სამხრეთ ოსეთის ციხეებში არაადამიანურ მოპრყრობაზე ადგილობრივები არაერთი წელია, საუბრობენ.

ვრცლად:

რა ხდება ცხინვალში – მოკლედ

ბიბილოვი „არაპროფესიონალიზმს“ ასახელებს ჯაბიევის გარდაცვალების მიზეზად