თბილისის მერია უკვე თვეებია, რაც ვაკის პარკის, მათ შორის, შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციას გეგმავს. ამ პროექტისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია უწყებამ ბრიტანულ კომპანია CBA Studios-ს დაუკეთა, რომელმაც პარკის ფუნქციური ზონირების პროექტი შეიმუშავა.
ფუნქციური ზონირების განსაზღვრა გულისხმობს ამა თუ იმ ტერიტორიის იდენტიფიცირებას „მათი გამოყენების ერთგვაროვანი ან შერეული სახეობების მიხედვით“.
უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოებამდე მერიამ ტენდერი უნდა გამოაცხადოს და მშენებელი კომპანია შეარჩიოს. თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, გუშინ, 27 აგვისტოს უწყების წარმომადგენლები აქტივისტების ნაწილს შეხვდნენ. ერთ-ერთი მათგანი ნატა ფერაძე იყო, რომელმაც შემდგომ ნეტგაზეთს კომპანიის მიერ შექმნილი რენდერები და საპროტექტო დოკუმენტაცია მიაწოდა.
„პროექტის მიზანია შეიქმნას განახლებული პარკი, რომელიც შეინარჩუნებს ისტორიული ვაკის პარკის შესანიშნავ უნიკალურ ხასიათს, მაგრამ ისე, რომ ის წარმოადგენდეს თანამედროვე ქალაქ თბილისს და პასუხობდეს მისი მოსახლეობის მოთხოვნებს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტაციაში.
„CBA Studios“ საპროტექტო დოკუმენტაციაში წერს, რომ საბოლოო მიზანი პარკისთვის გენ-გეგმის შექმნაა, რომლის ძირითადი ამოცანები ასე უნდა ჩამოყალიბდეს:
• აღდგეს მეოცე საუკუნეში შექმნილი რეგულარული ლანდშაფტის ძირითადი სტრუქტურა და ფორმა;
• შეიქმნას სივრცე სხვადასხვაგვარი დასვენებისა და გართობისათვის, სათამაშოდ, გამაჯანსაღებელი და კულტურული აქტივობებისათვის;
• არსებული შეუფერებელი და უხარისხო ობიექტები და ინფრასტრუქტურა ჩანაცვლდეს ახლით;
• აღდგეს კავშირი ბუნებასა და თემს შორის,
• მიეცეს ხალხს საშუალება, განერიდონ ხოლმე ქალაქს;
• შეიქმნას კლიმატმედეგი პარკი ახალი მცენარეებით, რომლებიც გაუძლებს დაავადებებს;
• უზრუნველყოფილი იქნას პარკის ეფექტური და ეკონომიური მოვლა-პატრონობა მომავალში.
საპროექტო დოკუმენტაცია ვაკის პარკის ოთხი ზონის კონცეპტუალურ პროექტს წარმოადგენს. ეს ზონებია: ისტორიული ცენტრი; მიზნობრივი თამაშების ზონა; ღონისძიებათა სივრცე და ბუნებაში თამაშების ზონა. კონცეპტუალური პროექტი გულისხმობს, რომ თითოეული ზონისთვის კომპანია მერიას ამა თუ იმ ტერიტორიის განვითარების ვერსიებს სთავაზობს.
საპროტექტო დოკუმენტაციების თანახმად, კომპანია არ აპირებს, რომ ვაკის პარკში მასშტაბური ცვლილებები დაგეგმოს, თუმცა რიგი ნაწილები, ინფრასტრუქტურული ობიექტები მაინც შეიცვლება. მაგალითად, ვაკის პარკში კვლავ დარჩება წითელი ხრეში, თუმცა სავალი ნაწილი მოპირკეთდება, ხოლო ველობილიკები გაუმჯობესდება.
რეაბილიტაციის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ვაკის პაკრში არსებული შადრევნები და კასკადია.
ნატა ფერაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კასკადში, როგორც ეს თავდაპირველად იყო, შადრევანი იფუნქციონირებს.
შადრევნებთან ერთად, პროექტი სთავაზობს მერიას, დასაჯდომი მერხები და სკამები შეცვალოს. სკამის რამდენიმე ესკიზი გამოიყურება ასე:
პროექტის ავტორები მერიას ასევე სთავაზობენ, პარკში განთავსებული ზოგიერთი სკამისგან მანამდე არსებული მოპირკეთება ამოიღოს – „რათა საჭროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი სადმე სხვაგან გამოყენება თბილისში“.
თბილისის მერია ამბობს, რომ საპროექტო დოკუმენტაციების შემდეგ უწყება ტენდერს გამოაცხადებს და დაიწყებს მშენებლობას. ვაკის პარკის რეაბილიტაცია, მერიის გათვლით, დაახლოებით 2 წელიწადი გასტანს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 2020 წლისთვის ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე 10 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება. მერიის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში უწყება გეგმავს პარკის კასკადის შეცვლასა და განახლებას. ამ უკანასკნელზე კი 20 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.
