აზერბაიჯანი შატილში ადამიანების დაღუპვის გამო საქართველოს სამძიმარს უცხადებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოს სამძიმარს უცხადებს 23 აგვისტოს შატილში ადამიანების დაღუპვის გამო.

ამის შესახებ აზერბაიჯანელი მინისტრი Twitter-ში წერს.

“ძალიან ვწუხვართ ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ ქართველ ხალხს”, – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

შატილიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა, გუშინ, 23 აგვისტოს გზის სავალი ნაწილიდან, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის- მიკროავტობუსის მძღოლი.