სრულად ვუჭერთ მხარს 2012 წელს “ოცნების” ინიცირებულ ნორმალიზაციის კურსს – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღდგება. რუსეთ-საქართველოს ურთიერთოებებზე ლავროვმა გაზეთ “Труд”-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“ბოლო 12 წლის განმავლობაში რუსეთი და საქართველო ურთიერთობენ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში. შეგახსენებთ, რომ მისი გაწყვეტა მოხდა თბილისის ინიციატივით, სააკაშვილის მთავრობის მიერ განხორციელებული სამხრეთოსური ავანტიურის შედეგად. რუსეთში მხარს უჭერენენ ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებულ და მეგობრულ ურთიერთობას საქართველოსთან. დარწმუნებული ვართ, რომ ამაში მდგომარეობს ორი ქვეყნის და ხალხის ეროვნული ინტერესი, რომელთაც საერთო ისტორია და კულტურა აერთიანებთ, დაკავშირებული არიან მილიონობით ადამიანის ერთმანეთთან გადაჯაჭვული ბედით. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს 2012 წელს სამთავრობო კოალიცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ინიცირებულ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსს. რაც უფრო მეტია ნორმალიზება, მით უკეთესია. არანაირი შეზღუდვები რუსეთის მხრიდან აქ არ არის. აი, ჩვენს ქართველ პარტნიორებს კი, კონიუნქტურის მიზნით რომ პერიოდულად ათამაშებენ ანტირუსულ კარტს, ამ საკითხში თანმიმდევრულობა ნამდვილად აკლიათ”, – თქვა ლავროვმა.

მიუხედავად ამისა, ლავროვის თქმით, ცხოვრებას თავისი მოაქვს და რუსეთს მეორე ადგილი უჭირავს საქართველოს საგარეო ვაჭრობაში თურქეთის შემდეგ (2019 წელი – 1,33 მილიარდი ბრუნვა), რუსეთში რეალიზდება ქართული ღვინის 2/3; რუსეთი ლიდერობს კერძო ფულადი გადარიცხვების მოცულობით საქართველოში (430 მლნ დოლარი გასულ წელს),  უფრო მჭიდრო ურთიერთობების მხარდაჭერაზე მიუთითებს რუსი ტურისტების რაოდენობა (1,5 მლნ 2019 წელს).

“2013 წლის ბოლოს რუსეთსა და საქართველოს შორის ავტობუსით რეგულარული მიმოსვლა განახლდა, 2014 წლის ოქტომბრინდან კი – საავიაციო. 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა ერთადერთი სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი “ზემო ლარსზე”. გააქტიურდა კულტურული, სპორტული, სამეცნიერო, რელიგიური, საქმიანი კონტაქტები. ამ ფონზე ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისთის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის დამუშავებაც დავიწყეთ. სამწუხაროდ, დადებით დინამიკას დიდწილად ხაზი გადაუსვა 2019 წლის ივნის-ივლისის მოვლენებმა თბილისში, როდესაც ქართველი ნაციონალ-რადიკალების პროვოკაციის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დროებით აიკრძალა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში ვითარებას, რა თქმა უნდა, ველით სანიტარულ-ეპიდემილოგიური სიტუაციის დალაგებას რეგიონში და მთელ მსოფლიოში და რეგულარული ავიარეისების აღდგენას სხვა მიმართულებებით”, – განაცხადა მან.

ლავროვმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის გამო შეწყვეტილი კარასინი-აბაშიძის ორმხრივი დიალოგი და ჟენევის დისკუსიების ფორმატი აღდგება.

“ვფიქრობ, შესაძლებელია შვეიცარიის საელჩოებში ინტერესთა სექციების პოტენციალის უფრო აქტიურად გამოყენებაც. რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მეგობრულ კავშირებს მისთვის ახლობელ ქართველ ხახლთან, რომელთანაც ერთ სახელმწიფოში ცხოვრების არაერთი ასწლეული აკავშირებს. დარწმუნებული ვართ, რომ არსებული უთანხმოებების სწრაფად გადალახვა, ორმხრივი ურთიერთობების სრულფასოვანი აღდგენა ჩვენი ქვეყნების და ხალხების გრძელვანიდიანი ინრერესებში შედის”, – დასძინა სერგეი ლავროვმა.


რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 20 ივნისის აქციების შემდეგ შეაჩერა. 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი გავრილოვი აღმოჩნდა პარლამენტის სპიკერის სავარძელში, საქართველოში დაიწყო ანტისაოკუპაციო აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს.

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული „რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და „უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მიმდინარე წლის 21 აპრილს განაცხადა, რომ იმედი ჰქონდა, საქართველოსთან ავიამიმოსვლის პრობლემას მოსკოვი მალე მოაგვარებდა.