ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ პროტესტი ბელორუსში მეათე დღეა გრძელდება. ადამიანები კვლავ იკრიბებიან სხვადასხვა ობიექტთან, მათ შორის, სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებასთან, სადაც დემონსტრაციებისას დაკავებულები არიან მოთავსებულნი. აღნიშნულს წინ უძღოდა შეკრება მინსკის დამოუკიდებლობის მოედანზე 17 აგვისტოს საღამოს.
ამავდროულად, გაფიცვას აგრძელებენ არაერთი ქარხნის მუშები და სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი. “რადიო თავისუფლების” ბელორუსის ბიუროს ცნობით, დამოუკიდებელი პროფკავშირების კონგრესმა ეროვნული საგაფიცვო კომიტეტის შექმნისკენ გაახმიანა მოწოდება. კონგრესის თავმჯდომარის თქმით, ეს სწრაფად უნდა მოხდეს და დაიწყოს მოლაპარაკება ხელისუფლების წარმომადგენლებთან ძალაუფლების გადაბარებასთან დაკავშირებით.
17 აგვისტოს საღამოს ათასობით ადამიანი ისევ შეიკრიბა დამოუკიდებლობის მოედანზე. ისინი ლუკაშენკოს გადადგომისაკენ მოუწოდებდნენ. აქციის მონაწილეებს, ტრადიციულად, ოპოზიციის სიმბოლო – თეთრ და წითელ ფერებში გადაწყვეტილი დროშები – ეჭირათ ხელში.
იმავე დღეს, დილის საათებში, ლუკაშენკოს არაერთგზის მოუწია უკმაყოფილო შეძახილების მოსმენა სატრაქტორო ქარხნის მუშების მხრიდან, რომელთა წინაშეც სიტყვით გამოვიდა 16 აგვისტოს მასშტაბური პროტესტის შემდეგ მინსკსა და სხვა ქალაქებში. აღნიშნული გამოსვლისას ლუკაშენკომ გამორიცხა ხელახალი არჩევნების ჩატარება, თუმცა მისი რიტორიკა ნაწილობრივ შეიცვალა დღის ბოლოს: მან თქვა, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
16 აგვისტოს მინსკსა და სხვა ქალაქებში გაიმართა მასშტაბური აქციები ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ. 17 აგვისტოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად მიჩნეულმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელმაც თქვა, რომ მზადაა, გახდეს ეროვნული ლიდერი.
ტიხანოვსკაია ამჟამად ვილნიუსში იმყოფება. თანაგუნდელების თქმით, მას ქვეყნა იძულებითა და ზეწოლით დაატოვებინეს.
პროტესტი და შეტაკებები ბელარუსში დაიწყო არჩევნების შემდგომ, რომელშიც, ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, კვლავ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. გასულ დღეებში ბელარუსის პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან. დადასტურებულია ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ.
მიმდინარე პერიოდში ლუკაშენკო მინიმუმ ორჯერ ესაუბრა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსს სამხედრო დახმარებაც აღმოუჩინოს.
ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსს 26 წელია მართავს.