პოლიციამ ფონიჭალაში 15 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პირი დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისას შეეჯახა გზის გვერდულზე გაჩერებულ ავტომობილს და ქვეითად მოსიარულე 7 პირს, შემდგომ კი მიიმალა.
მიყენებულ ტრავმების შედეგად, ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი – საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. მათგან ორი არასრულწლოვანი იყო. სხვა პირები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
სამართალდამცავებმა მძღოლი ფონიჭალის ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 128-ე მუხლითა და 276-ე მუხლით მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული გულისხმობს განსაცდელში მიტოვებასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.