თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას ზედამხედველი პროკურორი მარიამ გოგორელიანი ჩამოაშორეს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.
მის მიერ შესაძლო დისციპლინურ გადაცდომაზე მოკვლევა პროკურატურის გენერელურმა ინსპექციამ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო.
13 აგვისტოს თეონა თამაზაშვილმა მედიაში განაცხადა, რომ პროკურორის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო. გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის დედა ამბობდა, რომ პროკურატურაში კითხვებს ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებითაც უსვამდნენ:
“მაბულინგებენ, რატოა რამიშვილი ჩვენი ადვოკატი თურმე, რატომ მოვიდა, რა ჰონორარის ფასად და ა.შ. […]” ,- ამბობდა თეონა თამაზაშვილი.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.
ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ოჯახმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვაც მოითხოვა.