სკოლებსა და უნივერსიტეტებში პირბადის ტარება აუცილებელი არ იქნება

ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარაა. მთავრობის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა პირბადის ტარების წესში, რომელშიც ზემოაღნიშნული სასწავლებლები იმ ჩამონათვალში იყო, სადაც პირბადის გამოყენება აუცილებელია.

ამავე ცვლილებით, „ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირბადის გამოყენება აუცილებელია „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების შესაბამისად“.

ჯანდაცვის მინისტრის აღნიშნული ბრძანებით კი, ამ დროისთვის დამტკიცებული არ არის კონკრეტული რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

დღეს მოქმედი „პირბადის ტარების წესით“, პირბადის გამოყენება აუცილებელია დახურულ საჯარო სივრცეში, კერძოდ:

ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, მეტროპოლიტენში) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას;

„ამ წესის მიზნებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გულისხმობს მგზავრთა გადაყვანას სატრანსპორტო საშუალებით (საავტომობილო (M2, M3 კატეგორია), სარკინიგზო, მეტროპოლიტენი, საბაგირო). მათ შორის იგულისხმება როგორც ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, აგრეთვე, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტს ან/და ქალაქს შორის“.

წესის მიხედვით, აღნიშნულ შემთხვევებში დასაშვებია როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პირბადის გამოყენება.

თუმცა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის განახლებისთვის აუცილებელი იქნება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება. ასეთი რეკომენდაციები სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის ჯერ შემუშავებული არ არის.