ახალი ამბები

პატიმარმა ლითონის ნივთები გადაყლაპა

13 აგვისტო, 2020 • 1058
პატიმარმა ლითონის ნივთები გადაყლაპა

პატიმარმა პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში ლითონის ნივთები გადაყლაპა. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა 8 აგვისტოს მოხდა. მანამდე მსჯავრდებული #6 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში იყო გადაყვანილი, სადაც მას კბილის ექსტრაქცია ჩაუტარდა.

პენიტენციური სამსახურის თანახმად, პატიმარს რამდენიმე დღის გატარება მოუწია სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო უკან დაბრუნების შემდგომ, პანდემიის პერიოდში დადგენილი წესის შესაბამისად, გადაყვანილი იყო პენიტენციური სამსახურის სპეციალურ საკარანტინო სივრცეში.

უწყების ინფორმაციითვე, ამ წესის თანახმად, პატიმარი, რომელიც სამოქალაქო კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გაივლის, ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით თავსდება სპეციალურ COVID-19 საკარანტინო სივრცეში და მხოლოდ საკარანტინო პერიოდის გავლის და ვირუსზე ტესტირების შემდეგ ბრუნდება სასჯელის მოხდის ადგილზე.

“2020 წლის 8 აგვისტოს მსჯავრდებულმა, საკარანტინო სივრცეში ყოფნის პერიოდში, გადაყლაპა ლითონის ნივთები (სავარაუდოდ, საკანში არსებული ავეჯიდან მოხსნილი ჭანჭიკები), რის შემდეგაც მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გადაყვანილი იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და ქირურგიული ოპერაციის გზით მოხდა მოცემული უცხო სხეულების ამოღება.

კლინიკიდან გაწერის შემდეგ, 2020 წლის 12 აგვისტოს, მსჯავრდებულმა უარი განაცხადა COVID-19 საკარანტინო სივრცეში გადაყვანაზე. შესაბამისად, იგი დაბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილზე, N6 პენიტენციურ დაწესებულებაში”,-აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილურია და მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში დანიშნული პოსტოპერაციული თერაპია უტარდება.

“რაც შეეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულის მიმართ N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას ჰქონდა ადგილი, ის სიმართლეს არ შეესაბამება. პატიმრის იდენტურ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელთანაც თანამშრომლობს სპეციალური პენიტენციური სამსახური და აწვდის მას ყველა საჭირო ინფორმაციას”,-აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

უწყების ცნობითვე, პატიმარი სასჯელს 2019 წლის ოქტომბრიდან იხდის. პატიმრის მიერ ლითონის ნივთების გადაყლაპის შესახებ ინფორმაცია “მთავარმა არხმა” გაავრცელა. როგორც პატიმრის დედამ არხს უთხრა, მსჯავრდებულს 14 ლურსმანი ჰქონდა გადაყლაპული. თინათინ ხორავა ასევე ამბობს, რომ მის შვილს მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულის დარჩენა აღარ სურს.

“ჩემმა შვილმა დარეკა, პირადად მესაუბრა და მითხრა, რომ მე იმ ციხეში თუ დავრჩი, ან წელს დავიმატებ, ან სიცოცხლეს  დავასრულებო… თვითმკვლელობით დავასრულებო ყველაფერს. გადაყლაპა 14 ლურსმანი. მე ასე ვიცი…”

მსჯავრდებულის ადვოკატიც ნინო გელაშვილი ამბობს, რომ მანამდე, სანამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმეს სწავლობს, მსჯავრდებული რუსთავის დაწესებულებიდან უნდა გადაიყვანონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი