ახალი ამბები

თბილისის ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება – გვანცელაძე

13 აგვისტო, 2020 •
თბილისის ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება – გვანცელაძე

სექტემბრიდან თბილისის ბაღებში დასაქმებული პირებს ხელფასი გაეზრდებათ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.

“2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან სკოლებსა და ბაღებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად, დედაქალაქის მერთან ერთად, წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 800-ივე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“, – ამბობს გვანცელაძე პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე თქმით, თბილისის ბაღებში ხელფასი სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20%-მდე მოიმატებს. ნეტგაზეთს ბაღების სააგენტოს პრესსამსახურში უთხრეს, რომ ამ დროისთვის უცნობია, როდის დაიწყებებენ ბაღები მუშაობას, რადგან ჯერ კიდევ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი