საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა 2020 წლის დეკემბრამდე ვაშლის სუბსიდირებას გეგმავს.
გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში მთავრობა სექტორალურად სხვადასხვა დარგებს ეხმარება – „განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობას“.
„ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ არცერთი გრამი პროდუქტი ჩვენი ფერმერების დაუბინავებელი არ დარჩეს. ამ მოტივით იყო განპირობებული ჩვენი მევენახეებისთვის და მოგეხსენებათ, რომ მთავრობა ასუბსიდირებს ყურძნის შესყიდვას. წელს და შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, ეს იქნება ვაშლი, ვაშლის მოსავლის დაბინავება.
წელს საერთაშორისო ბაზარზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა, ამიტომ, სოფლის მეურნეობის რეკომენდაციით… შემდგომ ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შესახებ 10 თეთრით. საბოლოოდ ეს ფასი ჩვენი მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის იქნება 22 თეთრი – არანაკლებ 22 თეთრისა.
ყველა ის კომპანია, რომელიც ჩართულია შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით, სუბსიდირებას მიიღებს დამატებით 10 თეთრის რაოდენოებით. ეს რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს გახარია და ამატებს, რომ აღნიშნული პროგრამა 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.








