ახალი ამბები

საქართველოს სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

13 აგვისტო, 2020 • 971
საქართველოს სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა მონაწილეობა მიიღო ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაში „საქართველო და სამეზობლო. კონფერენციის მიმდინარეობისას ბიგანმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, დამოკიდებელი სასამართლოს არსებობის აუცილებლობასა და რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა.

ბიგანმა კონფერენციის დროს ისაუბრა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშენლობაზე.

„საქართველო ბევრი თვალსაზრისით რეგიონის ლიდერია და ჩვენ მოველით, რომ ჩვენი პარტნიორები თბილისში გააგრძელებენ დემოკრატიული იდეების დაწინაურებას და მმართველი ინსტიტუტების გაძლიერებას. წელს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამ მიმართულებით კრიტიკული ნაბიჯი იქნება. ჩვენ გვწამს, რომ სათანადო პოლიტიკური ნებით, ქართველი ხალხი გადადგამს საჭირო ნაბიჯებს უფრო ძლიერი დემოკრატიის უზრუნველსაყოფად“, – თქვა მან. ბიგანის გამოსვლის თარგმანს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

სტივენ ბიგანმა განმარტა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით აშშ მუშაობას აგრძელებს საქართველოსთან,მათ შორის, იმ რეფორმების ფარგლებში, რომლებიც ქვეყნისთვის მდგრადი განვითარებისთვისა და უცხორული ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანია.

„საქართველოს სჭირდება ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ბიზნესებისთვის თანაბარი გარემოს შექმნის გარანტი იქნება და სწრაფად გადაჭრის მათ დავებს. უკეთესად დაკავშირებული, ეკონომიკურად უფრო წარმატებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი და ცენტრალური აზია შედის როგორც შეერთებული შტატების, ასევე საქართველოს ინტერესებში. საქართველოს უნიკალური მდებარეობა აქვს იმისთვის, რომ სატრანზიტო ცენტრი იყოს ევრაზიიდან ევროპისთვის.

გაზის სამხრეთის დერეფნის დასრულება და ისეთი ინიციატივები, როგორიცაა ლაპილ ლარულის დერეფანი, ამ ამბიციებს დააწინაურებს. ეს ძალისხმევა რეგიონის ქვეყნებს ხელს შეუწყობს, წინააღმდეგობა გაუწიონ მტრულ გავლენებს ისეთი ქვეყნებისგან, რომლებიც გავლენათა სფეროების შექმნას ცდილობენ. ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ “ჩინეთის ერთი გზა ერთი სარტყელის” პროექტს და საბანკო სესხებს, რომლებიც მმართველობასა და ავტონომიას ასუსტებს“, – განმარტავს ის

სახელმწიფო მდივნის მოადგილე საუბარში ასევე შეეხო რუსულ ოკუპაციას და თქვა, რომ რუსეთმა ბოლომდე უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.

“ასობით სამოქალაქო პირი დაიღუპა და დაშავდა რუსეთის აგრესიის შედეგად, რამაც უნდა დაგვავალდებულოს, რომ გავაორმაგოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ბოლომდე შესრულება მოვთხოვოთ, რომ უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება და [დაასრულოს] საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. რუსეთმა პატივი უნდა სცეს ყველა მეზობლის და განსაკუთრებით, საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,“.

ბიგანმა ასევე თქვა , რომ ამერიკის მიზანია „იმის უზრუნველყოფა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა შეძლონ საკუთარი კრიტიკული ინფრასტრუქტურის კონტროლი და შეეძლოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, საკუთარი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პარტნიორების [შერჩევაში].“

„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ძალისხმევამ, შეეჩერებინა ამ საშიში დაავადების გავრცელება. ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობისა და დახმარების მეშვეობით, საქართველომ ააშენა ძლიერი, მდგრადი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტები. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გამოუყო თითქმის 6 მილიონი დოლარი კოვიდ-19-ის [წინააღმდეგ ბროლაში] დასახმარებლად და აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტომ (USAID) დამატებით 13 მილიონი დოლარი გამოყო მიმდინარე პროგრამებზე, რომელთა მიზანიც საქართველოზე კოვიდ-19-ის ეკონომიკური გავლენის [შემსუბუქებაა],“ –  განაცხადა ბიგანმა.

რუსეთსა და რუსულ დეზინფორმაციაზე საუბრისას ბიგანი შეეხო ასევე ლუგარის ლაბორატორიას. მისი განმარტებით, არ არის გასაკვირი, რომ უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორია რუსული მავნე პროპაგანდის უწყვეტი სამიზნეა – „ცენტრმა ქართველ ხალხს დაანახა საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის არჩევანის ხელშესახები შედეგი“

სტივენ ბიგანმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკა დაეხმარება „საქართველოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, შესაძლებლობების გაძლიერებაში და ნატოსთან თავსებადობის დახვეწაში. მხოლოდ 2020 წელს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 66 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო სამხედრო დახმარების სახით. ჩვენ გულითადად ვაფასებთ საქართველოს უზარმაზარ წვლილს ნატოს ავღანეთის მისიის მხარდაჭერაში და ამერიკისა და ნატოს წვრთნებში სხვაგან.“

მასალების გადაბეჭდვის წესი