შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურას არ ეთანხმებიან

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურას არ ეთანხმებიან და აღნიშნულ ბრალს არ აღიარებენ. როგორც ბრალდებულების ადვოკატები მედიასთან აცხადებენ, პროკურატურას ბრალის დამძიმებისათვის საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონია.

ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი გელხაური ამბობს, რომ ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალის დამძიმებას არ ელოდნენ.

“ეს მოლოდინი ჩვენ არ გვქონდა, იმიტომ, რომ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა ამის, რომ ბრალი დამძიმებულიყო. გარემოება, რომ ვიღაცამ გზა მოუჭრა… ჩამოიარა… იქით ნახა… ეს არის აბსურდი. არ ვიცი, ბრალდება რაზე დაყრდნობით საუბრობს და რაზე დაყრდნობით მოახდინა აღნიშნული ბრალის დამძიმება. თუმცაღა, ზ.ხ. დასაწყისშივე იძახდა, რომ ის და ვასილ მახარაძე წავიდნენ მანქანის მოსაყვანად იმ ფერადი შენობიდან და ამის შემდგომ უკვე მოიყვანეს მანქანა და იქ დახვდათ ამირხანაშვილი”, — განაცხადა გელხაურმა.

ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ნაწილისათვის ბრალის დამძიმებით საზოგადოების ნაწილის “გულის მოგება” სცადა.

“ცდილობს, რომ ამ შემთხვევაში ბრალდების მხარემ გული მოუგოს როგორც საზოგადოების იმ  ნაწილს, ვინც თვლის, რომ “ტოიოტა ქამრიში” მსხდომი ადამიანები ყველანი მკვლელები არიან. ის ფაქტობრივი გარემოებები — თურმე წყლამდე სდიეს და შემდეგ წყალში მოახდინეს მისი ლიკვიდაცია, ეს მინიმუმ დროში ხომ უნდა გაეზომათ, ამ დროში რამდენად რეალური და რელევანტურია. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი მათ არ ექნებათ”, — აცხადებს კობაიძე.

შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში კიდევ ერთი ბრალდებულის, ნიკა რევაზიშვილის ადვოკატი, შოთა კახიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობდა.

“ნიკა რევაზიშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, ანუ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, დეტალური ჩვენება მისცა გამოძიებას, გადასცა იმ ღამით ნაცვამი და გაურეცხავი ტანსაცმელი, ნებაყოფლობით გადასცა ტელეფონი. ტელეფონს თურმე ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ხსნიდა და ვერ ატარებდა ექსპერტიზას და ამ ნაწილშიც ნიკა რევაზიშვილი დაეხმარა გამოძიებას და ტელეფონის გამხსნელი პაროლი ნიკა რევაზიშვილმა მიაწოდა ასევე გამოძიებას”, — აცხადებს კახიძე.