“დადგინდა, რომ მხოლოდ ხუთი პირი მონაწილეობდა მკვლელობაში” – შაქარაშვილის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ იმ 5 პირის გარდა, რომელთაც ბრალი განზრახ მკველობის მუხლით დაუმძიმდათ, შაქარაშვილის მკვლელობაში არავინ მონაწილეობდა და ოჯახს გამოძიებასთან კითხვები არ აქვს.

მირიან ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ იმ მტკიცებულებებით, რომელსაც ოჯახი იცნობს, დაკმაყოფილებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მაღალი სტანდარდი და საქმეს სასამართლო განხილვის ეტაპზე პრობლემები არ ექნება:

“გიორის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემული არიან სწორად და მართებულად და სამართლებრივად გამართულად პასუხისგებაში. კონკრეტულად, საუბარია “ტოიოტა ქემრის” 5 მგზავრზე. მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია მძღოლთან დაკავშირებით და არ ვიცოდით, ზუსტად რა პოზიცია ჩამოყალიბდებოდა, ვინაიდან სპეციფიკური ამპლუა იყო, ვგულისხმობ დროს და გავლილ ქრონომეტრაჟს. დადგინდა, რომ  ხუთმა პირმა ჩაიიდნა გიორგის განზრახ მკვლელობა

დღეს არსებული მტკიცებულებებით, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, ვფიქრობთ, სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება და სასამართლოში აღნიშნულ საქმეს არ უნდა ჰქონდეს პრობლემა, რამდენადაც ის მაღალი სტანდარტი,რომელიც კანონმდებლობითაა გათვლაისიწნებული, დაკმაყოფილებულია” ,- აცხადებს ნიკოლაძე.

ნიკოლაძის თქმით, შაქარაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს და საქმეს თვალს მიადევნებენ როგორც სასამართლო განხილვის ეტაპზე, ასევე, მის შემდეგ, რათა არ მოხდეს ბრალდებული პირების შეწყალება ან პირობით ვადამდე გათავისუფლება:

“გარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, რომელიც გახდა ბრალის წარდგენის საფუძველი, ჩვენი და გამოძიების მიერ განხორციელდა არაერთი მოქმედება და, საბოლოო ჯამში, ეჭვგარეშე იქნა დადგენილი, რომ სხვა მანქანები და პირები შემთხვევის ადგილას არ იყვნენ და სხვა ვერავინ განახორციელებდა

ამიტომ, მოვითხოვთ დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე თვალს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს არა მხოლოდ სასამართლოში არამედ მას შემდეგაც, სასჯელის მოხდის პერიოდში, რათა არ მოხდეს პირობით ვადამდე გათავისუფლება და შეწყალება”, –  ამბობს მირიან ნიკოლაძე.


დღეს, 11 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე 5 პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

შაქარაშვილის ოჯახი “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის, მთლიანობაში, 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.