შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში “მერსედესის” მგზავრების მონაწილეობა გამოირიცხება — პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით, გიორგი შაქარაშვილის უშუალოდ განზრახ მკვლელობაში “მერსედესის” მარკის ავტომობილის მგზავრების მონაწილეობა გამოირიცხება. ამის შესახებ დღეს, 11 აგვისტოს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მცხეთაში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით საბურთალოდან და ნაძალადევიდან სულ 8 მანქანა დაიძრა, თუმცა, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დროს, “ტოიოტა ქამრის” გარდა, ყველა სხვა მანქანა სხვადასხვა ლოკაციაზე იყო და მათი მგზავრები ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მიიღებდნენ.

“რაც შეეხება მერსედესის მარკის ავტომანქანის მონაწილეობას, აქ არ არის საუბარი კონკრეტულად მხოლოდ ერთ ავტომანქანაზე. სულ, მერსედესის და ტოიოტა ქამრის გამოკლებით, კიდევ 6 მანქანა დაიძრა საბურთალოდან და ნაძალადევიდან, აი, ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. გამოძიების მიერ შესწავლილ იქნა რვავე მანქანის მარშრუტი, გადაადგილება, მობილური ოპერატორების მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაცია და ამ ეტაპზე არსებული სურათის გათვალისწინებით, ცალსახად გამოირიცხება რომელიმე მათგანის მონაწილეობა უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით. მერსედესის მგაზვრების მხრიდან განხორციელებული ძალადობა, მათ შორის ხელკეტის გამოყენებით, განხორციელდა გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირის მიმართ, ეს სამართლებლივად შეფასებულია და ამაზე კონკრეტული პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემულები. ამ ეტაპზე არსებული სურათით, რომელიც შექმნილია მტკიცებულებების საფუძველზე, სხვა რომელიმე ავტომანქანა ან პირი შემთხვევის ადგილის სიახლოვეს განზრახ მკვლელობის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა, გარდა ტოიოტა ქამრისა და მისი მგზავრებისა”, — განაცხადა ამირან გულუაშვილმა.