ახალი ამბები

მედიას მოვუწოდებთ, ბაჩალიაშვილის საქმეზე დაიცვას პირადი ცხოვრების უფლების სტანდარტები – NGO-ები

10 აგვისტო, 2020 • 1509
მედიას მოვუწოდებთ, ბაჩალიაშვილის საქმეზე დაიცვას პირადი ცხოვრების უფლების სტანდარტები – NGO-ები

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით არასამთავრო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერია, რომ მედიამ უნდა გაიაზროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობა.

განცხადებაში საუბარია “მთავარ არხზე” გასულ გადაცემაზე, სადაც სტუმრად მოწვეული იყო ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამბობს, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია. ორგანიზაციების შეფასებით, წამყვანის მიერ დასმული ზოგიერთი კითხვა შეეხებოდა გარდაცვლილის ინტიმური ურთიერთობის დეტალებს, რაც პირადი ცხოვრების უფლებაში უხეში ჩარევაა.

“საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაში პრობლემური გაშუქების პროცესს, განსაკუთრებით კი, 2020 წლის 9 აგვისტოს, 23:00 საათზე მთავარ არხზე გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გასულ ინტერვიუს და მივიჩნევთ, რომ არსებითია მედიამ გაიაზროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობა და საკუთარი პასუხისმგებლობა სამართლებრივი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში, რომელიც ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემის იდეალებზე დგას.

“მთავარ არხზე” წამყვანის მიერ დასმული კითხვები, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა მედიასაშუალების მიერ მომზადებული მასალა, შეეხებოდა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ინტიმური ურთიერთობების დეტალებს, რაც, ერთი მხრივ, თავად გარდაცვლილის, ხოლო, მეორე მხრივ, მისი მეგობრების პირადი ცხოვრების უფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს”,-აცხადებენ ორგანიზაციები.

ხელმომწერ ორგანიზაციებისთვის მიუღებელია გადაცემის წამყვანის პოზიცია, რომ „როდესაც საქმე მიმდინარეობს თვითმკვლელობაზე, პირადი ცხოვრება ხდება გამჭვირვალე“. ამას გარდა, მათთვის უსაფუძვლოა წამყვანის მტკიცება, რომ თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეებზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ სარგებლობს მაღალი საჯარო ინტერესით.

“როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, “გამოხატვის თავისუფლების, როგორც საზოგადოების, ისე ინდივიდის განვითარებისთვის, უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, ის არ სარგებლობს თავისთავადი უპირატესობით რომელიმე სხვა კონსტიტუციურ სიკეთესთან”. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გაშუქებისას პრესამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც განზრახ თუ გაუფრთხილებლად, ზიანს მიაყენებს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას”,-წერია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების თაობაზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ინტერვიუზე განხილული პირადი ცხოვრების დეტალები არ იძლეოდა საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, შესაბამისად, მათი გაშუქება არ ემსახურებოდა მაღალ საჯარო ინტერესს.

“ამასთან, არც თამარ ბაჩალიაშვილი და არც მისი მეგობარი არ წარმოადგენენ საჯარო ფიგურას, რაც აფართოებს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ფარგლებს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმისადმი საჯარო ინტერესი არ ამართლებს გარდაცვლილის თაობაზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაციის გავრცელებას და მნიშვნელოვანია, მედიასაშუალებებმა ბაჩალიაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების პირადი ცხოვრების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე და პატივისცემა გამოიჩინონ და განუხრელად დაიცვან ადამიანის უფლებები და მედიაეთიკის სტანდარტები”,-წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • კავშირი საფარი;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • თანასწორობის მოძრაობა;
  • უფლებები საქართველო;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC);
  • მედიაკლუბი;
  • სატელევიზიო ქსელი;
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

თავად ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გადაცემაში რესპონდენტმა პირად ცხოვრებაზე საკუთარი ნებით ისაუბრა. ” პირდაპირ მთხოვა, ამაზე მეკითხა, რადგან ძალიან უნდოდა ამაზე ესაუბრა”,-წერს გვარამია. ამის შესახებ საუბარია გვარამიას დღეს გამოქვეყნებულ Facebook პოსტში.

“ბაჩანა არც გიჟია, არც სულელი, არც რომელიმე კონდიცია აქვს და არც რომელიმე სპექტრს განეკუთვნება. ურთულესი, მოქნილი და ჭკვიანი რესპონდენტია და თქვენი შესაცოდი და დასაცავი (როგორც საწყალ ბიჭს) ნამდვილად არაფერი სჭირს. მის სექსუალობას რაც შეეხება, მისივე სურვილით ვისაუბრეთ ამ საკითხზე. აი, ასე, პირდაპირ მთხოვა, ამაზე მეკითხა, რადგან ძალიან უნდოდა ამაზე ესაუბრა”. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი