ნეტგაზეთი | რამიშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის ტელეფონის ექსპერტიზის დაწყება, მისთვის არ შეუტყობინებიათ რამიშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის ტელეფონის ექსპერტიზის დაწყება, მისთვის არ შეუტყობინებიათ – Netgazeti
RU | GE  

რამიშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის ტელეფონის ექსპერტიზის დაწყება, მისთვის არ შეუტყობინებიათ

თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილის ტელეფონის ექსპერტიზის დაწყება, ანუ დალუქული ტელეფონის გახსნა, მათ არ შეატყობინეს. როგორც ადვოკატმა ნეტგაზეთს უთხრა ექსპერტიზა 24 ივლისს არის დაწყებული და ამ ეტაპზე ტელეფონიდან მხოლოდ ინფორმაცია არის გადმოტანილი. რამიშვილი, რომელიც დღეს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის მამასთან ერთად იმყოფებოდა ამბობს, რომ მათი მოთხოვნით ტელეფონი ხელახლა დაილუქა, რათა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ შეადარონ რამდენად სრულად არის ტელეფონიდან ინფორმაცია გადატანილი.

“მობილური ტელეფონის ექსპერტიზა 24 ივლისს დაწყებულა. ჩემი გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია იმან რომ შუამდგომლობა დაყენებული მაქვს, ლუქზე ხელი მაქვს მოწერილი რომ არ უნდა მომხდარიყო გახსნა [ტელეფონის], მაინც გახსნილა. 28 ივლისს კომპიტერთან დაკავშირებით ვიყავით მისული, მაშინ ვიცოდი რომ მობილური ექსპერტიზა დაწყებული ჯერ არ იყო. როგორც მითხრეს ტელეფონის ექსპერტიზას დაახლოებით ხუთი დღე დასჭირდება. დღეს დალუქული ტელეფონი გამოძიებას გადაეცემა და როდესაც ექსპერტიზის დასკვნა დაიწერება, სრულად შევამოწმებთ რა იქნა გადმოწერილი, ანუ მასალა როგორ იქნა კლონირებული. თუ სრულად არ იქნება, მოვითხოვთ ხელახლა გადაიგზავნოს [ექსპერტიზაზე] და თავიდან შემოწმედეს. შუამდგომლობა მქონდა დაყენებული.. მოთხოვნილი მქონდა, რომ ინფორმაცია უნდა მქონოდა ამ პროცედურის დაწყების შესახებ. [საქმეში] არის ჩემი შუამდგომლობები სადაც ვითხოვ რომ ყველა დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, ჩემთვის მოეცათ,”-ამბობს რამიშვილი.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ოჯახმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვაც მოითხოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.