საკონსტიტუციომ გენდერულ კვოტებზე გირჩის სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ “გირჩის” სარჩელი გენდერულ კვოტებზე არსებით განხილვაში მიიღო. სარჩელში “გირჩი” მოითხოვს იმ ნორმის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიები ვალდებულები არიან, “ცესკოში” რეგისტრაციისთვის სიაში ყოველი მეოთხე ადამიანი განსხვავებული სქესის ჰყავდეთ.

“გირჩის” თანახმად, მათი საარჩევნო სიის ფორმირება პარტიის პარტნიორთა მიერ ციფრული პორტალის საშუალებით ხდება. კერძოდ, პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა საკუთარი ციფრული ვალუტა – ქართული დოლარი (GeD), რომელიც გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც პარტიის სასარგებლოდ განახორციელებენ გარკვეული სახის მატერიალურ ან არამატერიალურ კონტრიბუციას. აღნიშნულის შემდგომ, პარტიის პარტნიორები მათ მიერ გამომუშავებული ციფრული ვალუტის საფუძველზე იღებენ მონაწილეობას პარტიული სიის შედგენაში.

ამდენად, როგორც “გირჩი” აცხადებს, პარტიული სიის ფორმირება სრულად დამოკიდებულია პარტნიორთა გადაწყვეტილებაზე და სწორედ ეს ადამიანები განსაზღვრავენ, პარტიული სიის რომელ პოზიციას დაიკავებს კონკრეტული პოლიტიკოსი. როგორც “გირჩი” სარჩელში წერს, სწორედ ასე აპირებდნენ საარჩევნო სიის დაკომპლექტებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც.

“აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სადავო ნორმა გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას, რადგან დღეს არსებული მდგომარეობით, პარტიის პარტიული სიის პირველ ათეულში წარმოდგენილი პოლიტიკოსები ერთი სქესის წარმომადგენლები არიან. ამდენად, სადავო ნორმა მოსარჩელე მხარეს ავალდებულებს, პარტიის 3 000-ზე მეტი პარტნიორის მიერ შედგენილი პარტიული სია შეიცვალოს და ხელოვნურად, პარტნიორების ნების საწინააღმდეგოდ ჩამოყალიბდეს სხვაგვარად.

თუკი სადავო ნორმის საფუძველზე პარტია იძულებული გახდება, უგულებელყოს პარტნიორების მიერ ფორმირებული პარტიული სია, შესაძლოა პარტნიორებმა უარი განაცხადონ მის დაფინანსებაზე, რაც პოლიტიკური გაერთიანების ფუნქციონირებას მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სარჩელში.

“გირჩი” სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებსაც ითხოვს, რადგან, მათი განცხადებით, ამ ნორმის მოქმედების პირობებში ისინი ვერ შეძლებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის რეგისტრაციას, ანუ არჩევნებში მონაწილეობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ “გირჩის” სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო, თუმცა არ დაკმაყოფილდა პარტიის მეორე მოთხოვნა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის შეჩერებას გულისხმობდა:

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები გარკვეულწილად ითვალისწინებს გენდერულ კვოტირებას და შემდეგი პრინციპი შემოაქვს: 2028 წლამდე საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოში უნდა წარადგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.

2028 წლამდე საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოში უნდა წარადგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;