ახალი ამბები

ბუსა ჟვანიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

4 აგვისტო, 2020 • 1367
ბუსა ჟვანიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს.

პროკურატურამ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმეზე ბუსა ჟვანიას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალი გუშინ, 3 აგვისტოს წარუდგინა. მანამდე საქმეზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 117 – ე მუხლით იყო დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ-ს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს”, -ნათქვამია პროკურატურის 3 აგვიტოს გავრცელებულ განცხადებაში.

2 აგვისტოს გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ მისი შვილიშვილი, ლევან თოფაძე საკუთარ სახლთან დაჭრეს და ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი