ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, ზეწოლა და დაშინება: ISFED-ის ანგარიში

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში 5 ივლისიდან 3 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს და რიგ მოვლენებს მიმოიხილავს, მათ შორის, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლის შემთხვევებს.

ზოგადი სურათი ციფრებში

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

 

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მხრიდან

ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე

ამბროლაური

8 ივლისს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევში მცხოვრებ ტარიელ გოგსაძის სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო ნობათი გაუგზავნა. ბიუროს თანამშრომლები, სოფლის წარმომადგენელთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ და სასურსათო პაკეტი ოჯახს პირადად გადასცეს.

ცაგერი

9 ივლისს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ოყურეეშსა და ზუბში, მცხოვრებ თათია წვერავასა და ნანა კვირიკაშვილის სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს გოჩა ენუქიძის სახელით სასურსათო ნობათი გადაეცათ.

საგულისხმოა, რომ გოჩა ენუქიძე ოფიციალურად დასახელდა მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში.

ონი

29 ივლისს რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი და მაჟორიტარობის დასახელებული კანდიდატი ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში – გოჩა ენუქიძე, პრემიერის მრჩეველ სოზარ სუბართან ერთად, ადგილზე ეცნობოდა სტიქიის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას. დეპუტატი სოფელ გლოლაშიც იმყოფებოდა და მედიკამენტები, საკვები და პირველადი მოხმარების სხვა ნივთები დაზარალებულებს პირადად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა თავის ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

31 ივლისს დეპუტატი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ გლოლაში ხვდებოდა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას და დახმარების გადაცემაში მონაწილეობდა.

ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე

11 ივლისს თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, „ქართული ოცნების” ფრაქციის წევრმა რიმა ბერაძემ სულთანიშვილების სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახს საჩუქრად მაცივარი გადასცა და, ასევე, საკვები პროდუქტებიც მიუტანა.

რიმა ბერაძის თანაშემწის – მაკა სამნიაშვილის ინფორმაციით, მანანა სულთანიშვილმა რამდენჯერმე დახმარების თხოვნით, წერილობით მიმართა რიმა ბერაძეს. ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვანი ბავშვით. საკვები, რომელიც შეეძლო წაეღო უფასო სასადილოდან, უფუჭდებოდა მაცივრის არქონის გამო. ამიტომ საკრებულოში რიმა ბერაძემ და მისმა თანამშრომლებმა საკუთარი ხელფასიდან 20-20 ლარი შეაგროვეს და უყიდეს ოჯახს 200 ლარამდე ღირებულების მაცივარი.

პარლამენტის თავმჯდომარისა და ოზურგეთის ყოფილი მაჟორიტარის, არჩილ თალაკვაძის ბიურო

„ქართული ოცნების” ოზურგეთის ორგანიზაცია და პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარის, არჩილ თალაკვაძის ბიურო, პანდემიის გამო, აპრილ-მაისში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარებას გასცემდა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღნიშნული დახმარება საკვები პროდუქტების სახით ოზურგეთში შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად საქართველოში თურქეთის საელჩომ და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA) გამოყო.

„ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მერაბ ჭანუყვაძის ფეისბუქგვერდზე გაზიარებული ინფორმაციის მიხედვით, სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებისათვის დახმარება გაიცა რაიონული ორგანიზაციის წევრებისა და არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ბიუროს ხელმძღვანელის მიერ.

ლელო საქართველოსთვის
21 ივლისს „ლელო საქართველოსთვის” გლდანის რაიონული ორგანიზაციის წევრები სოფელ გლდანში არსებულ მოხუცთა პანსიონატ „ბარბარე ოცდაერთს” ესტუმრნენ. პარტიის წარმომადგენლებმა პანსიონატის ბენეფიციარებს, 15-მდე მოხუცს, ტანსაცმელი და ტკბილეული გადასცეს, მოისმინეს მათი პრობლემები. პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ცხადაძემ „სამართლან არჩევნებთან” საუბარში განაცხადა, რომ ეს იყო საქველმოქმედო აქცია, პირადი სახსრებით, და არ იყო გათვლილი პოტენციურ ამომრჩევლებზე, რადგან პანსიონატის ბენეფიციარები ეტაპობრივად გადაადგილდებიან ხოლმე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. მისივე თქმით, საქველმოქმედო აქცია დაიგეგმა მას შემდეგ, რაც მათ  დაწესებულების ხელმძღვანელი დაუკავშირდა. აქციის დროს პარტიის ერთ-ერთ წარმომოადგენელს ეცვა ლელოს მაისური.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხელვაჩაური

23 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელვაჩაურის მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი, მიხეილ ბოლქვაძე, სოფელ სალიბაურის მოსახლეობას შეხვდა და ერთ-ერთ ოჯახს სურსათი გადასცა. ეს მეორე შემთხვევაა, როცა მიხეილ ბოლქვაძე ამა თუ იმ მოტივით მოქალაქეებს სურსათით ასაჩუქრებს. მიხეილ ბოლქვაძემ „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს უთხრა, რომ ამ ოჯახის არასრულწლოვნებს დედა ჰყავთ გარდაცვლილი და ამ მოტივით აჩუქა სურსათი.

ხელვაჩაური

8 ივლისს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა მიხეილ ბოლქვაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქე ნაფიე ყურშუბაძე, რომელსაც მუნიციპალიტეტი არ დაეხმარა, სავარაუდოდ, ოპოზიციური განწყობის გამო მოინახულა და  საჩუქრად სურსათი გადასცა.

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

“სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებზე საუბრისას 5 მუნიციპალიტეტია ნახსენები.

“აღსანიშნავია, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეიმჩნევა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა გათავისუფლება, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიის უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზანს და ამ პროცესში მერის წარმომადგენელთა ჩართულობას”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

მაგალითად, 2020 წლის 14 ივლისიდან მერის წარმომადგენელი ცუცხვათის ადმინისტრაციულ ერთეულში(ტყიბული) მურმან კუპრაშვილი ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2020 წლის 13 ივნისიდან, მერის ბრძანებით, ყველას გაუგრძელდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადა – ნათქვამია მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში. სხვა წარმომადგენელებს ვადა გაუგრძელდათ 1 თვეზე მეტხანს. მურმან კუპრაშვილმა „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამ ეტაპზე ასეა საჭირო.

ანგარიშში ასევე საუბარია თბილისის კეთილმოწყობის სამსახურიდან მეეზოვის გათავისუფლებაზე. ამის მიზეზად მას გაფრთხილების გარეშე გაცდენები დაუსახელეს, თუმცა თავად ამბობს, რომ ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მისი მონაწილეობა სასმელი წყლის მოთხოვნით გამართულ აქციაში, რომელიც მიმდინარე წლის 14 ივლისს კასპის სოფელ ხიდისყურში ჩატარდა.

“ხათუნა ასკარგიზი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის კეთილმოწყობის სამსახურში და მას არცერთი გაფრთხილება არ ჰქონია მიღებული ამ ხნის განმავლობაში. ასკარგიზის თქმით, მისი ოჯახი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდის პოლიტიკური შეხედულებების გამო”, – წერს ორგანიზაცია.

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა

ანგარიშის ამ ნაწილში საუბარია შემთხვევებზე, რომელთა ნაწილიც მიმდინარე კვირებში მედიაშიც გაშუქდა. მათ შორისაა ამბავი ხელვაჩაურის საკრებულოს წევრისა და  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ვაჟა თავდგირიძის საკრებულოდან გათავისუფლების ამბავი და ჩხრეკა “ევროპული საქართველოს” “მარნეულელი აქტივისტის სახლში.

ანგარიშის გამოქვეყნებამდე ორგანიზაციას ესაუბრა “ლელო საქართველოს” ხელვაჩაურის შტაბის ხელმძღვანელი, რომელმაც თქვა, რომ სხვადასხვა პოზიციაზე უკვე დასაქმებულმა სამმა პირმა უარი განაცხადა პარტიასთან თანამშრომლობაზე. ორმა მათგანმა თქვა, რომ პრობლემები შეექმნებოდა კომპანიასთან, რომელშიც საქმიანობდნენ, მესამემ კი აღნიშნა, რომ ოჯახის წევრებს თავიანთ სამსახურებში შეექმნებოდათ პრობლემები.

ანგარიშში მოცემული ორი შემთხვევა კასპსა და ქობულეთში აქციების ორგანიზებას უკავშირდება. ერთ შემთხვევაში, კომპანია “ჰაიდელბერგცემენტის” წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორი, პროტესტის დაანონსების შემდეგ, მერიაში დაიბარეს. ქობულეთში კი სასმელი წყლის პრობლემის წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორი ელენე ჩხარტიშვილი მერთან დაახლოებულმა პირებმა ღამის საათებში, მოსახლეობისგან განცალკევებით დაიბარეს მერთან შეხვედრაზე. მას შემდეგ, რაც ჩხარტიშვილისგან წინააღმდეგობა დაინახეს, მუქარას ჰქონდა ადგილი.

” ეს შეხვედრა შედგა და  წყლის პრობლემაზე ისაუბრეს, თუმცა მერთან დაახლოებულმა პირებმა ელენეს გადასცეს, რომ მერის მოწონება დაიმსახურა და აქციის არგამართვის სანაცვლოდ საკუთარი კანდიდატურა წარედგინა და  თვითმმართველობაში დაასაქმებდნენ. ამაზე უარის მიღების მეორე დღეს უცნობი პირები ფარული ნომრით ელენეს დედას დაუკავშირდნენ და მუქარის შემცველი ტექსტით ესაუბრნენ, რომ სანამ დრო იყო, გაეჩუმებინა მისი შვილი, რომ უნდა ეშინოდეს, რადგან სტუდენტია და მომავალი დაენგრევა. ელენე ჩხარტიშვილის თქმით, თემის მოსახლეობაც დააშინეს, რის გამოც შემდეგ აქციაში მონაწილეობა აღარ მიიღეს”, – წერს ორგანიზაცია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ „სამართლიანი არჩევნების” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. სოფელ ბუკნარში მერის რწმუნებულმა  გიორგი ქებულაძემ ზემოაღწერილი შეხვედრა დაადასტურა, თუმცა ღამით შეხვედრა იმით ახსნა, რომ მერი მეორე დღეს მიდიოდა დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე და ფაქტს უყურადღებოდ ვერ დატოვებდა. გიორგი ქებულაძე  დაშინების ფაქტს გამორიცხავს.

ISFED-ის რეკომენდაციები

ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს

რელიგიურ ორგანიზაციებს

კვლევა სრულად იხილეთ ბმულზე.