ახალი ამბები

6 არასრულწლოვანი პატიმრობაში რჩება – შაქარაშვილის საქმე

31 ივლისი, 2020 • 1184
6 არასრულწლოვანი პატიმრობაში რჩება – შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული 6 არასრულწლოვანი პატიმრობაში რჩება. შესაბამისი გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 31 ივლისს მიიღო.

ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე სოფიო ლეჟავამ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. საპირისპიროდ, დაცვის მხარე მათ გათავისუფლებას ითხოვდა გირაოს სანაცვლოდ.

ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.

შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 ადამიანია დაკავებული. აქედან, 6 არასრულწლოვანია, 11 კი – სრულწლოვანი. აღნიშნული 11 პირის პროცესი 27 ივლისს გაიმართა. სასამართლომ ისინიც პატიმრობაში დატოვა.


19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.  პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, თუმცა ბრალი ამ მუხლით ჯერ არავის წაყენებია.

შაქარაშვილის ოჯახი ტოიოტა ქემრის ყველა მგზავრის, სულ 6 ადამიანისთვის ითხოვს მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი