ახალი ამბები

გრძელდება სამუშაოები ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად – მთავრობა რაჭის სტიქიაზე

29 ივლისი, 2020 • 1039
გრძელდება სამუშაოები ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად – მთავრობა რაჭის სტიქიაზე

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე – რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.  ამასთან, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყალი ავარიულ რეჟიმში მიეწოდება წყალმომარაგების დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენამდე.

“არსებული მონაცემებით, მდინარე რიონის ადიდების შედეგად დაზიანებულია სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. აქტიურად გრძელდება სამუშაოები რამდენიმე ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად”,-აცხადებენ მთავრობაში.

ამ დროისათვის, მამისონის 118-ე კილომეტრზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს სამუშაო დამატებითი ტექნიკის გადასასროლად, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს.

რაჭაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდდა, რის გამოც განადგურდა საავტომობილო გზის ნაწილი და ხიდები, ხოლო ელექტროგადამცემი ბოძების ნაწილი წყალმა წაიღო.

როგორც ნეტგაზეთს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკაიძემ განუცხადა, ჯერჯერობით დათვლილი არ არის ზარალის ოდენობა, თუმცა სტიქიის გამო ბევრ სოფელში ინფრასტრუქტურა იმედნად დაზიანდა, რომ მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი