ახალი ამბები

პოლიციელის განცხადებით, მას არ უთქვამს ფრაზა, რომ ბაჩალიაშვილი “შარში იყო”

27 ივლისი, 2020 • 1659
პოლიციელის განცხადებით, მას არ უთქვამს ფრაზა, რომ ბაჩალიაშვილი “შარში იყო”

პოლიციელი ლადო ბაჭულაშვილი უარყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს კომპიუტერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ან უთხრა, რომ მისი შვილი „შარში იყო“.

ბაჭულაშვილი დღეს ამ საქმის ფარგლებში გენერალურ ინსპექციაში იყო დაბარებული, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან განაცხადა:

„მე საერთოდ არ მითქვამს ასეთი რამ, პლუს, კომპიუტერთან არავითარი შეხება არ მქონია იმიტომ, რომ კომპიუტერი ამოიღო გამომძიებელმა და პირდაპირ წაიღო ექსპერტიზაზე. მე საერთოდ შეხება არ მქონია. ყოველდღიური კომუნიკაცია მქონდა ოჯახთან, ორჯერ შევხვდი, პლუს, სატელეფონო კავშირზე ვიყავი იმიტომ, რომ დაწვრილებით ვაყოლებდი, რა ეცვა [თამარ ბაჩალიაშვილს], სად წავიდა, სად შეიძლება წასულიყო – იყო ჩემი მხრიდან გამოკითხული.

ასეთი რამ ჩემი მხრიდან არ თქმულა, არც აქციის მაგვარი, არც „შარში ხარ“. როგორ ვეტყოდი, როდესაც მე კომპიუტერთან შეხება არ მქონია,“ – ამბობს ლადო ბაჭულაშვილი.

პოლიციელი ასევე უარყოფს, რომ ოჯახთან შეხება ჰქონდა იმ დღეს, როდესაც ფონიჭალაში აქცია გამართეს. ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა ამ დღეს გზა გადაკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქალის ძიება გაჭიანურდა.

ლადო ბაჭულაშვილმა თქვა, რომ პირველივე დღეს მისცა ჯუმბერ ბაჩალიაშვილს საკუთარი ნომერიც.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობენ, რომ ქალი ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი ამ დრომდე არ არის გახსნილი. ოჯახი ითხოვს, რომ საქმე არა სამხარეო პოლიციამ, არამედ შსს-მ გამოიძიოს.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ასახელებს პოლიციელს, ვინც მისი თქმით, უთხრა, რომ მისი შვილი შარში იყო

მასალების გადაბეჭდვის წესი