ახალი ამბები

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ასახელებს პოლიციელს, ვინც მისი თქმით, უთხრა, რომ მისი შვილი შარში იყო

27 ივლისი, 2020 • 1949
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ასახელებს პოლიციელს, ვინც მისი თქმით, უთხრა, რომ მისი შვილი შარში იყო

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ მაჩალიაშვილი ასახელებს იმ პოლიციელს, რომელმაც მისი თქმით, უთხრა – “შენი გოგო დიდი პრობლემის წინაშე არისო“.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, პოლიციელი, ლადო ბაჭულაშვილი, მას დაუკავშირდა და უთხრა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გამოძიების ფარგლებში გახსნა, თუმცა, შემდგომ ტელეფონი გათიშა და კავშირზე აღარ გამოდიოდა.

„მე მჭირდება ის პიროვნება, რატომ მითხრა, ჯერ კომპიუტერი გავხსენიო, ამაზე ვმუშაობო.. შენი გოგო დიდი პრობლემის წინაშე არისო, შარშიაო. ლადო ბაჭულაშვილი მოადგილედ მუშაობს. რატომ მითხრა ასე, რატომ გათიშა ტელეფონი, რატომ გვემასხარავა“, – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

მისივე თქმით, შემდგომ სხვა პოლიციელებსაც ჰკითხა, თუ რა ინფორმაცია ინახებოდა კომპიუტერში, რაზეც მას უპასუხეს – „ვერ გავხსენით კომპიუტერიო“.

„მინდა გავარკვიო, გაიხსნა, თუ არ გაიხსნა? თუ არ გაიხსნა, რატომ არ მეუბნები“,  – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ვიდეოში, რომელსაც რუსთავი 2 ავრცელებს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული სამართალდამცველი გენერალურმა ინსპექციამ დაიბარა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში მწყემსა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობენ, რომ ქალი ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი ამ დრომდე არ არის გახსნილი. ოჯახი ითხოვს, რომ საქმე არა სამხარეო პოლიციამ, არამედ შსს-მ გამოიძიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი