ახალი ამბები

თბილისში პატრონიანი ძაღლი ქალს თავს დაესხა – ის მართვით სუნთქვაზეა

17 ივლისი, 2020 • 1844
თბილისში პატრონიანი ძაღლი ქალს თავს დაესხა – ის მართვით სუნთქვაზეა

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, პიტბულის ჯიშის ძაღლი, რომელსაც პატრონი ჰყავდა, ქალს თავს დაესხა და მძიმე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. შემთხვევა გუშინ, 16 ივლისს მოხდა.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა “რუსთავი 2-ს” უთხრა, ქალის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“ყველზე დიდი ჭრილობა, რომელიც ქალს კბენის შედეგად აქვს მიყენებული, არის თავისა და სახის მიდამო, სადაც ჩატარდა ყბა-სახის ქირურგების მიერ ოპერაცია. ასევე არის მუცლის ჭრილობაც, თუმცა, მუცლის ღრუს დაზიანების გარეშე. ორივე კიდურზე აქვს ჭრილობა მიყენებული. ყველაზე მძიმე კატეგორიად ფასდება თავ-კისრის არეში მიყენებული ჭრილობა. ჩატარდა ოპერაცია და ქსოვილი აღდგენილ იქნა. ვნახოთ, როგორი იქნება მდგომარეობა”, – ამბობს რატიანი.

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ქალის ოჯახი ძაღლის პარტრონისთვის ჩივილს აპირებს. კაცი რომელიც აცხადებს რომ ძაღლის მეპატრონის ახლობელია რუსთავი 2-ს ეუბნება რომ ძაღლს ადრე არავისთვის უკბენია. მისივე თქმით, ძაღლი დააძინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი