ახალი ამბები

სასამართლომ NAEC-ს დაავალა, რელიგიური მრწამისიდან გამომდინარე 2 აბიტურიენტს გამოცდების თარიღი შეუცვალოს

17 ივლისი, 2020 • 1653
სასამართლომ NAEC-ს დაავალა, რელიგიური მრწამისიდან გამომდინარე 2 აბიტურიენტს გამოცდების თარიღი შეუცვალოს

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ინფორმაციით (TDI), თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა, ორ აბიტურიენტს, რომლებიც საკუთარი რელიგიური მრწამსის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ შაბათ დღეს დანიშნულ გამოცდაში, გამოცდა გადაუტანონ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას 17 ან 19 ივლისს ჩააბარებენ.

ორგანიზაციის ცნობითვე, ორმა აბიტურიენტმა, რომლებიც არიან მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრები, გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს მიმართეს 18 ივლისს დანიშნული გამოცდის გადატანის თხოვნით, რადგან რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გამოცდაში შაბათ დღეს. ცენტრმა მათ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე  უარი უთხრა, რითაც TDI-ის შეფასებით, დაირღვა განმცხადებლების რელიგიის თავისუფლება, განათლებისა და თანასწორობის უფლება.

“შესაბამისად, TDI-მ, რომელიც იცავს ორი აბიტურიენტის ინტერესებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით 15 ივლისს მიმართა. განცხადებით მოთხოვნილი იყო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავალებოდა დაგეგმილი ერთიანი ეროვნული გამოცდის გადატანა 17 ან 19 ივლისს, ან ნებისმიერ სხვა დღეს, გარდა შაბათისა”,-წერია განცხადებაში.

როგორვ TDI-ის განცხადებაში ვკითხულობთ, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კონსტიტუციით დაცულ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებზე და აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულებამ არ უნდა დაუშვას უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

“სასამართლომ აღნიშნა, რომ შაბათ დღეს დანიშნულ სესიაში აბიტურიენტების განაწილება, შესაძლოა, განპირობებული იყოს ლეგიტიმური მიზნით, ვინაიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის დადგენა ხდება კანონის შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრული წესით. თუმცა მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან განმცხადებელთა რწმენის, აღმსარებლობისა და განათლების უფლებებში ჩარევა,  ლეგიტიმური მიზნის  არსებობის შემთხვევაშიც, არ არის გამართლებული, რადგან ჩარევა უნდა იყოს შეზღუდვის პროპორციული და აუცილებელი. შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შერჩეული ღონისძიება ზღუდავს განმცხადებელთა რწმენის, აღმსარებლობისა და განათლების უფლებებს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

რადგან ინგლისური ენის გამოცდის სესიები, გარდა შაბათისა, დანიშნულია ასევე პარასკევს და კვირას (17 და 19 ივლისს), სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელთა გამოცდის სხვა სესიაზე გადანაწილება შესაძლებელია, რომ ეს არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ხარჯების გაღებას და არ უნდა მოხდეს აბიტურიენტების რწმენის, აღმსარებლობის და განათლების უფლებებში ჩარევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი