ახალი ამბები

მიუღებელია პროცესის დესტრუქციულად დახასიათება “სალამის” მხრიდან – სამინისტრო NGO-ებს პასუხობს

16 ივლისი, 2020 • 1146
მიუღებელია პროცესის დესტრუქციულად დახასიათება “სალამის” მხრიდან – სამინისტრო NGO-ებს პასუხობს

აზერბაიჯანელი აქტივისტების პლატფორმა “სალამი” მიიჩნევს, რომ შერიგების სამინისტრომ უსამართლოდ განუცხადა უარი, მონაწილეობა მიეღო ინტეგრაციის სამთავრობო სტრატეგიასთან დაკავშირებით 17-18 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაში. ასე ფიქრობს კიდევ ერთი ორგანიზაციაც – “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც”(EMC) – რის გამოც, სოლიდარობის ნიშნად, თავადაც უარს ამბობს შეხვედრაში მონაწილეობაზე.

საუბარია სტრატეგიულ შეხვედრაზე, რომელიც ინტეგრაციის 2021-2024 წლების სამთავრობო სტრატეგიის შესამუშავებლად დაიგეგმა. “სალამი” მიიჩნევს, რომ აქტივისტებს დაუსაბუთებლად უთხრეს უარი აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართვაზე, მაშინ, როცა უმცირესობების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას და მათთან კონსულტაციების ჩატარებას სახელმწიფოს არაერთი საერთაშორისო შეთანხმება ავალდებულებს.

“სამწუხაროდ, ჩვენი დაკვირვებით, 2021-2024 წლის სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში, სწორედ რომ შეინიშნება არასისტემური და კრიტერიუმების გარეშე მუშაობის ნიშნები. ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ ვიცით, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევა ესა თუ ის ორგანიზაცია სტრატეგიულ დოკუმენტზე სამუშაოდ.

შედეგად, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ან არ არსებობს შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები, ან კიდევ კრიტერიუმები მიზნად ისახავს “სალამის” მსგავსი ორგანიზაციების დიალოგის პროცესიდან გათიშვას. სალამი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვენი ხმები და მოსაზრებები სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სტრატეგიული დოკუმენტის პრიორიტეტების, მიმართულებების, მიზნების და ამოცანების განსაზღვრის პროცესში აუცილებელად გასათვალისწინებელია. ხოლო ამ სივრციდან ჩვენი გარიყვა სტრატეგიული დოკუმენტის შექმნის პროცესის არაინკლუზიურობაზე მეტყველებს”, – აცხადებენ აქტივისტები.

პლატფორმის განცხადებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს მიდგომა მოძველებულია და “ამ პროცესების უმთავრეს აქტორებს მხოლოდ და მხოლოდ სერვისის მიმღებ, პასიურ, ხმის არმქონე ბენეფიციარებად სახავს, ვერანაირ ტრანსფორმაციულ და არსებით შედეგებს ვერ მოიტანს”.

“მოვუწოდებთ სამინისტროს, რომ გადაიაზრონ ეს მიდგომა და პროაქტიულად ჩაგვრთონ ამ პროცესებში”, – ამბობენ აქტივისტები.

პლატფორმისადმი სოლიდარობის ნიშნად სტრატეგიულ შეხვედრაში მონაწილეობას არც “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”(EMC) მიიღებს. ისინი აქტივისტების მსგავსად ფიქრობენ, რომ დაუსაბუთებელი და უსამართლოა სამინისტროს უარი სტრატეგიის მომზადებაში მათ მონაწილეობაზე.

“განმარტებული უარის მიზეზები იყო მეტწილად ტექნიკური (ლოჯისტიკური, ფინანსური, პანდემიის დროს დისტანცირების რეგულაციები), თუმცა, აშკარად არადამაჯერებელი და თვითნებური. მიუხედავად იმისა, რომ EMC-იმ უწყებასთან ამ გადაწყვეტილების პრობლემურობა ღიად განმარტა და სთხოვა ინკლუზიურობის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება, მინისტრის აპარატმა სამართლიანი გადაწყვეტილება არ მიიღო.

უწყება უთითებდა, რომ სხვა ფორმატებში ცალკე ან სხვა რეგიონალურ ორგანიზაციებთან ერთად”სალამს” მომავალში მიეცემოდა აპარატთან შეხვედრის შესაძლებლობა. თუმცა გაუგებარია, თბილისში ბაზირებული, მაღალი წარმომადგენლობის და ფართო მანდატის მქონე ორგანიზაცია რატომ არ დაუშვა უწყებამ გენერალურ ფორმატში, სადაც სამთავრობო უწყებები, სახალხო დამცველისა და მის ქვეშ მოქმედი ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრები, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები არიან მოწვეულები”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის მოსაზრებით, პლატფორმა “სალამი” “საქართველოს აზერბაიჯანელი აქტივისტების უნიკალური გაერთიანებაა, რომელიც ცდილობს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჭიროებების, წუხილებისა და უფლებების პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურ დაყენებას და თემის დემოკრატიული თვითორგანიზებისა და სოლიდარობის შენების ხელშეწყობას”.

“აღნიშნული პლატფორმის გაჩენა, სხვა არაერთ ადგილობრივ ინიციატივასთან და გაერთიანებასთან ერთად, არის უნიკალური ისტორიული პროცესის გამოხატულება, რომელიც მოქალაქეობის თვითიდენტიფიკაციითა და ცნობიერებით საკუთარი უფლებებისთვის, საჭიროებებისთვის და ინტერესებისთვის წლების განმავლობაში უგულებელყოფილი სოციალური ჯგუფების გააქტიურებას და თვითორგანიზებას უკავშირდება”, – აღნიშნავს EMC.

პლატფორმა “სალამის” პოზიციას შერიგების სამინისტროს აპარატში “დესტრუქციულ დახასიათებად” მოიხსენიებენ. სამინისტროს თანახმად, ისინი მომდევნო შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას.

“მოხარული ვართ, რომ სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით ასეთი მაღალი ინტერესია, მით უმეტეს, ახალგაზრდების მხრიდან. ჩვენი ხედვაა, მთელი პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიურად წარიმართოს და კონსტრუქციულად განწყობილი ყველა იმ აქტორის ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის საკითხებით.

ამიტომ დაიგეგმა სამუშაო შეხვედრების, ფოკუსჯგუფებისა და განხილვების მთელი ციკლი, ასევე ვითხოვეთ, წერილობით წარმოედგინათ პოზიციები და რეკომენდაციები. თითოეული მოსაზრება თუ ინიციატივა ჩვენთვის საინტერესოა.

ნამდვილად გასაკვირი და მიუღებელია პროცესის ასე დესტრუქციულად დახასიათება არასამთავრობო ორგანიზაცია “სალამის” მხრიდან მაშინ, როცა ისინი ინფორმირებულნი არიან, რომ ამ თემაზე შეხვედრების მთელი ციკლია დაგეგმილი და გაწერილი, ასევე კარგად იციან, რომ მომდევნო ანალოგიურ შეხვედრაში ისინი მონაწილეობენ”, – აღნიშნულია სამინისტროს აპარატის მიერ “ნეტგაზეთისთვის” მოწოდებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი