ახალი ამბები

სასამართლოს ეზოდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

15 ივლისი, 2020 • 749
სასამართლოს ეზოდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც ნეტგაზეთს პროკურატურის პრესსამსახურში უთხრეს, საქმეზე გამოძიება ორი მიმართულებითაა დაწყებული. პირველი – სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს გულისხმობს, მეორე  კი – სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე.

ნეტგაზეთი თბილისის საქალაქო სასამართლოსაც დაუკავშირდა, სადაც პატიმრის გაქცევის ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ სასამართლოს სხდომაზე ან სასამართლოს მანდატურის კომპენტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

პატიმრის გაქცევაზე ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, 10 ივლისს ქურდობის ბრალდებით დაკავებულმა პირმა თბილისის სასამართლოს ეზოდან გაქცევა შეძლო იმ დროს, როცა სამმა პოლიციელმა ის მარტო დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი