ნეტგაზეთი | ომბუდსმენი პროკურატურას შაქარაშვილის საქმის მასალების გადაცემას სთხოვს ომბუდსმენი პროკურატურას შაქარაშვილის საქმის მასალების გადაცემას სთხოვს – Netgazeti
RU | GE  

ომბუდსმენი პროკურატურას შაქარაშვილის საქმის მასალების გადაცემას სთხოვს

სახალხო დამცველის აპარატი პროკურატურას მიმართავს, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საქმის მასალები გადასცეს.

ომბუდსმენის აპარატში მიაჩნიათ, რომ ამ გზით შეძლებენ დაადგინონ, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება და შეაფასონ სხვადასხვა პირების უფლებრივი მდგომარეობა.  გუშინ, 13 ივლისს,  ნინო ლომჯარია გიორგი შაქარაშვილის ოჯახს შეხვდა. გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ ოჯახი თანახმაა, მიმდინარე გამოძიებას სახალხო დამცველების წარმომადგენლებიც დააკვირდნენ.

“სახალხო დამცველის აპარატი ოფიციალურად მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქმის მასალების გაცნობის თხოვნით, რათა შევისწავლოთ გამოძიების ეფექტურობა და, მეორე მხრივ, შევაფასოთ სხვადასხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

პარალელურად, შესწავლის შემდეგ, საზოგადოებას მივაწვდით საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას და ასევე ჩვენს შეფასებებს. ვფიქრობთ, ჩვენი, როგორც მიუკერძოებელი მხარის შეფასება, მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის და ხელს შეუწყობს ამ საქმეზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას”, -ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, მათ უკვე მოინახულეს ჩვიდმეტივე ბრალდებული.

10 ივლისს მთავარმა პროკურატურამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაამატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.  პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.