აფხაზეთი ენგურის პუნქტს ისევ ცალმხრივად გახსნის

დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოქალაქეების აფხაზეთში დასაბრუნებლად ენგურის გამშვები პუნქტი ხუთი დღით [13-დან 17 ივლისამდე] გაიხსნება.

აფხაზური მხარის განმარტებით, ენგურის გამშვები პუნქტიდან აფხაზეთში დაბრუნებას შეძლებენ აფხაზეთის პასპორტის, ბინადრობის მოწმობისა და ფორმა № 9-ის მქონე მოქალაქეები, რომლებიც დროებით იმყოფებოდნენ ქართულ მხარეს.

ჰუმანიტარული კორიდორით ენგურის გამშვებ პუქნტზე 22-24 ივნისს 907 -მა აფხაზეთში მცხოვრებმა ისარგებლა.

აფხაზურმა მხარემ ენგურის გამშვები პუნქტი კორონავირუსის პანდემიის საბაბით საქართველოში ვირუსის პირველივე შემთხვევის დადასტურების შემდეგ ჩაკეტა.

მკურნალობის მიზნით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოქალაქეების უკან დასაბრუნებლად გამშვები პუნქტი მაისში, ასევე, რამდენიმე დღით გახსნეს, რა დროსაც, სოხუმის ცნობით, 250-მდე მოქალაქე დაბრუნდა აფხაზეთში.