ახალი ამბები

მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზების მიზნით აუქციონი გამოცხადდება – მერია

8 ივლისი, 2020 • 1049
მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზების მიზნით აუქციონი გამოცხადდება – მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, საინვესტიციო ვალდებულებითა და არსებული პროფილის მუდმივად შენარჩუნების პირობით, მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, უწყება აუქციონს გამოაცხადებს.

„მუნიციპალურ პოლიკლინიკებში საშინელი მდგომარეობა გვაქვს. აღნიშნული შენობები ათეულობით წლის წინ აშენდა და დღემდე, არც ნორმალური რეკონსტუქცია, რემონტი და სამედიცინო მოწყობილობების განახლება არ მომხდარა. აპარატურა, ფაქტობრივად, არ არსებობს. აღნიშნული პრობლემა მოსაგვარებელია. არ არის სახარბიელო მდგომარეობა და იქ მომუშავე ადამიანებისთვისაც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ამ პრობლემის გადაწყვეტის ორი გზა არსებობს.

ერთი – თავად მუნიციპალიტეტმა გააკეთოს ეს ყველაფერი და აიღოს ვალდებულება, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ პროექტს მუნიციპალიტეტი ვერ განახორციელებს. მეორე შესაძლებლობაა ის, რომ ამ შენობების პრივატიზაცია განვახორციელოთ. მინდა, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კალაძე ამბობს, რომ პრივატიზება უნდა მოხდეს ისე, რომ პოლიკლინიკებს პროფილი და თანამშრომლები შეუნარჩუნდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი