მაგნიტსკის საქმის გამო ბრიტანეთმა 25 რუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ პერსონალური სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერაციის 25 მაღალჩინოსანს, რომლებიც, ლონდონის ცნობით, დამნაშავენი არიან რუსი აუდიტორის, სერგეი მაგნიტსკის პატიმრობაში ყოფნის დროს გარდაცვალებაში.

„მედუზის“ ცნობით, სანქციების ქვეშ მოხვდნენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი, საგამოძიებო იზოლატორ „ბუტირკას“ უფროსის ყოფილი მოადგილე დიმიტრი კრატოვი, საგამოძიებო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსეი ანიჩინი, გამომძიებელი ოლეგ სილჩენკო და საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოების ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლები.

ამასთან ერთად, სამეფომ აგრეთვე სანქციები დააწესა კიდევ 20 პირის მიმართ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ჟურნალისტ ჯამალ ქაშოგის მკვლელობაში, 2 პირის მიმართ, ვინც მიანმაში ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობაშია ჩართული, და 2 ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც, ლონდონის მოსაზრებით, ჩრდილოეთ კორეის გულაგებში იძულებით შრომასა და წამებაში არიან დამნაშავენი.

სანქციების დაწესებას გამოეხმაურა რუსეთის საელჩო ბრიტანეთში და განაცხადა, რომ სანქციები „უაზროა“.