ახალი ამბები

ISFED მაჟორიტარებისა და “ლელოს” მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაზე საუბრობს

7 ივლისი, 2020 • 1556
ISFED მაჟორიტარებისა და “ლელოს” მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაზე საუბრობს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში განხილულია 2020 წლის პირველი ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდი, ასევე, მოვლენები, რომელთა განვითარება პირველ ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.

ISFED-ის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

  • ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ – 16, ხოლო “ლელოსთან” დაკავშირებული „მოძრაობა მომავლისთვის – მომოს“ მიერ – 3 შემთხვევა;
  • სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენების 2 ფაქტი;
  • „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის 1 ფაქტი;
  • პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 2 ფაქტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის 1 ფაქტი.

მაჟორიტარების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

ISFED-ის ცნობით, პარლამენტის ცალკეული მაჟორიტარი დეპუტატის მიერ სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიების ფარგლებში მოსახლეობისთვის სასურსათო ან სამედიცინო პაკეტების გადაცემის ფაქტები დაფიქსირდა, რაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონის 252-ე მუხლით აკრძალული ქმედების – ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. “სამართლიანი არჩევნები” ანგარიშში ასახავს 16 მაჟორიტარი დეპუტატის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას:

ფატი ხალვაში - ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი
1, 6 და 15 ივნისს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში ამომრჩევლებისთვის სოციალური დახმარებების გადაცემაში ჩაერთო და, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში სოციალურად მოწყვლად ოჯახებს სასურსათო პაკეტები დაურიგა. ფატი ხალვაშის ბიუროს წარმომადგენელმა, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბარში განაცხადა, რომ დეპუტატმა 70 სასურსათო კალათა თავისი სახსრებით შეიძინა და დაბა ჩაქვის, გორგაძეებისა და ხალის ტერიტორიაზე, მოქალაქეებს დაურიგა.
მუხრან ვახტანგაძე - ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი
9 ივნისს ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ, სპორტსმენებთან ერთად, საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, მოქალაქეებს სასურსათო კალათები დაურიგა. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბარში, დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს იყო სარაგბო კლუბის წევრების მიერ ინიცირებული, მათივე სახელფასო დანაზოგით შეძენილი სასურსათო კალათები, რაშიც მუხრან ვახტანგაძეს ფინანსურად
მონაწილეობა არ მიუღია. ის სასურსათო კალათების დარიგების პროცესში ჩაერთო, როგორც ყოფილი სპორტსმენი.
გოჩა ენუქიძე - ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი
დეპუტატი გოჩა ენუქიძე მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე სისტემატურად აწყობს საქველმოქმედო ღონისძიებებს, რომლის ფარგლებში სხვადასხვა საჩუქარს გადასცემს მოსახლეობას. სოციალური პროექტების შესახებ ინფორმაცია ინტენსიურად ვრცელდება დეპუტატის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით, ისევე როგორც, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობების ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდებით. ხშირად, მაჟორიტარი დეპუტატი, უშუალოდ არის ჩართული საქველმქომედო აქციებში. ასევე, მისი ბიუროს თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ სოციალურ პროექტებში, ხვდებიან მოქალაქეებს და გადასცემენ სხვადასხვა საჩუქარს და დახმარებას.
კახა ოქრიაშვილი - დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი
კახა ოქრიაშვილმა პირადი სახსრებით შეიძინა ნახევარი მილიონის სასურსათო პროდუქტი 16 000 ოჯახის დასახმარებლად, რომლებიც
მისი მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მოსახლეობას პროდუქტები შეფუთვებად დაურიგდა, რასაც თან ახლდა წარწერა „საკვები პროდუქტების ნაკრები, თქვენთან ერთად, კახა ოქრიაშვილი, ჰუმანიტარული დახმარება“. დეპუტატის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, კახა ოქრიაშვილმა აუქციონის წესით, პირადი სახსრებით, ჯამში, 32 000 ლიტრი ზეთი, 48 000 კგ მაკარონი, 32 000 კგ ბრინჯი, 32 000 კგ წიწიბურა და 32 000 კგ შაქარი შეიძინა. კახა ოქრიაშვილს საჯაროდ აქვს გაცხადებული მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ამავე ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ.
გოდერძი ჩანქსელიანი - თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი
თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, აპრილსა და მაისში, საკუთარი ფინანსური სახსრებით უზრუნველყო მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელისა და პედაგოგისთვის 900-ზე მეტი სასურსათო ამანათის გადაცემა. ამანათების გადაცემის პროცესს სააღმზრდელო დაწესებულებებში დეპუტატი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან და მერის მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა. ღონისძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხითაც გაშუქდა. გოდერძი ჩანქსელიანის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე იძებნება თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საჯარო მადლობა და აღნიშნულია, რომ დეპუტატმა ღონისძიება საკუთარი სახსრებით დააფინანსა.
გენადი მარგველაშვილი - ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი
ივნისში ქუთაისში შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებს გადასცეს მედიკამენტები, რომლებსაც ისინი ყველაზე აქტიურად მოიხმარდნენ. წამლების გარდა, პაციენტებს გადაეცათ ბარათი, სადაც მედიკამენტების ჩამონათვალთან ერთად, მითითებული იყო წარწერა „მპგ „ქართული ოცნება“ და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი გისურვებთ
ჯანმრთელობას!“
გოგი მეშველიანი - ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი
 ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პანდემიის გამო იზოლირებულ ორ სოფელში, მუშევანსა და გეტაში, მოსახლეობისთვის დახმარების დარიგების პროცესში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ჩართული იყო მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი. სოციალური დახმარებების გაცემაში მისი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია დეპუტატის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზეც იყო გამოქვეყნებული.
სავალან მირზოევი - გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი
გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სავალან მირზოევმა 21 მაისს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მან, პირადი სახსრებითა და მეგობრების დახმარებით, სოციალურად დაუცველთათვის, მათთვის, ვისაც უჭირს, მაგრამ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს, შშმ პირებისთვის, პენსიონერებისთვის შეიძინა პროდუქტების 1500-ზე მეტი კალათა. მისი განცხადებით, პროდუქტების ძირითადი ნაწილი, 800 ცალზე მეტი კალათა, დაურიგეს მოქალქეებს. დეპუტატის თქმით, კორონავირუსის გამო მარნეულში დაწესებული განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით, ასევე, დაეხმარა ამ მუნიციპალიტეტს.
გიორგი თოთლაძე - ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი
15 მაისს ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი თოთლაძემ, ბიზნესმენის თანადგომით, აფხაზეთიდან დევნილ 9 ოჯახს და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ, სოციალურად შეჭირვებულ 20 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა.
კობა ლურსმანაშვილი - ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი
15 მაისს ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, შპს „ტალეგოს“ ფინანსური მხარდაჭერით, საკვები პროდუქტი დაურიგა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს. პროდუქტების დარიგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია, ასევე, დეპუტატის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე.
კობა ნაკაიძე - ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი
31 მარტს და 26 მაისს კობა ნაკაიძე ქალაქ ქობულეთის, სოფელ ხუცუბნის და გელაურის ტერიტორიაზე 50 სასურსათო კალათის დარიგებაში ჩაერთო. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელმა „სამართლიანი არჩვნების“ წარმომადგენელს განუცხადა, რომ 40 კალათის შეძენა დაფინანსებული იყო აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ხოლო 10 კალათა კობა ნაკაიძემ პირადი სახსრებით შეიძინა.
ანზორ ბოლქვაძე - ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარი დეპუტატი
მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში, აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგების აქციაში, რომელიც ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და სახსრებით იყო ორგანიზებული. დეპუტატი ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებში აღნიშნავს, რომ იმყოფებოდა შუახევის მერის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც სურსათ-სანოვაგე გადასცეს ხანდაზმულებს, მძიმე ავადმყოფებს, შშმ პირებს, მარტოხელა და მრავალშვილიან ოჯახებს. შუახევის მუნიციპალიტეტის განცხადების თანახმად, 7 მაისს საქართველოს პარლამენტის წევრის, ანზორ ბოლქვაძისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით, ბარათაულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, ვანსა და ზემოხევში, საქველმოქმედო აქცია გაიმართა. შესაბამისი ინფორმაცია შუახევის მუნიციპალიტეტის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდიდან დეპუტატმაც გააზიარა საჯარო პოსტის სახით.
ელგუჯა გოცირიძე - ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი
მარტში დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ 100 000 ლარი გამოყო ტყიბულელთა დასახმარებლად. პროგრამის ფარგლებში (პანდემიის გამოცხადებიდან – მაისის ბოლომდე) ფულადი დახმარება 250-მა ოჯახმა მიიღო. მან ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს, შახტის ადმინისტრაციას (მეშახტეთა ჩართულობით) მიმართა თხოვნით, განესაზღვრათ დახმარების განაწილების კრიტერიუმები, რათა თანხის განკარგვის პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო. თანხის ასაღებად ზოგიერთი მოქალაქე მაჟორიტარის ბიუროს ოფისში თვითონ მიდიოდა. მათ დახმარებას ბიუროს წევრები, თვითონ დეპუტატი და საკრებულოს თავმჯდომარე გადასცემდნენ.
ასევე, ზოგიერთ მრავალშვილიან ოჯახში დახმარების გადასაცემად თავად დეპუტატი იყო მისული.
ნინო წილოსანი - ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი
ლანჩხუთის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბრისას, დაადასტურა დეპუტატ ნინო წილოსანის ფონდის მიერ მოსწავლეებისთვის მობილური ინტერნეტ-პაკეტების გადაცემა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის 25 სკოლიდან თითო, საერთო ჯამში კი, 25 მოსწავლეს
გაუხანგრძლივდა ულიმიტო ინტერნეტი. ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა მაკა გოგიჩაიშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბრისას დაადასტურა, რომ მაჟორიტარი
დეპუტატის ბიუროს შუამდგომლობით, „ფონდმა წილოსანმა“ – რომლის ხელმძღვანელიც ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანია, აპრილისა და მაისის თვეში, ინტერნეტ-პაკეტის საფასური ჩოხატაურის საჯარო სკოლების 15 მოსწავლეს გადაუხადა.
თემურ ხუბულური - გორის მაჟორიტარი დეპუტატი
9 ივნისს გორის მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ხუბულურისა და ორგანიზაცია „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით, ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კლინიკა „ვივა მედიში“ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აღნიშნული ფაქტი მედიასაშუალება „თრიალეთმა“ გააშუქა.
გიორგი ვოლსკი - ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი
 4 ივლისს, დილის 10 საათიდან, სენაკის მუნიციპალიტეტში, საოჯახო მედიცინის ცენტრ „მკურნალში“, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალის“ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უფასო სამედიცინო აქცია
გაიმართა. შესაბამისი ინფორმაცია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ივლისს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს ჩაუტარდებათ უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები.

„მოძრაობა მომავლისთვის“ და პარტია „ლელო“

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, „მოძრაობა მომავლისთვის – მომო,“ სოციალური კამპანიის ღონისძიებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აწყობს და ეხმარება სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს. ორგანიზაცია პარტია “ლელოსთან” არის აფილირებული, კერძოდ, ორგანიზაცია საჯარო აქტივობებში იყენებს „ლელო საქართველოსთვის“ ვიზუალურ მანიშნებელს – ყვითელ ფერს, სოციალური აქციების დროს კი ისმის პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სახელი. ასევე, ორგანიზაციის დამფუძნებელი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი თეონა დოლენჯაშვილია. მაგალითად, 15 მაისს „მოძრაობა მომავლისთვის – მომოს” ორგანიზებით, სოფელ ერგნეთში ყველა ოჯახს (152 ოჯახი) სასურსათო დახმარება გაეწია. დახმარების გადაცემისთვის ერგნეთში, „მომოს“ დამფუძნებელ თეონა დოლენჯაშვილთან ერთად, ჩასულები იყვნენ პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები: კახა კოჟორიძე, პაპუნა კობერიძე და სოსო ვახტანგაშვილი. მათ ადგილზე გააკეთეს განცხადება და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს მამუკა ხაზარაძეს.

17 ივნისს „ლელო საქართველოსთვის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მცხოვრებ ოჯახს მატერიალური დახმარება გაუწიეს, გადასცეს საჭირო პროდუქტები და მედიკამენტები. აქციის მონაწილეები გამოწყობილი იყვნენ „ლელო საქართველოსთვის“ საიმიჯო ყვითელი ფერის სამოსში, მათივე ლოგოს გამოსახულებით.

3 ივლისს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მოძრაობა მომავლისთვის – მომომ“ 12 გალელ სტუდენტს სტიპენდია დაუნიშნა.

“ჩვენი სოფელი”

“სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ბეჭდვითი საინფორმაციო გამოცემა „ჩვენი სოფელი“ მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის სასარგებლო აგიტაციის ნიშნებს შეიცავს. სავარაუდოდ, პედაგოგების ფართო აუდიტორიის გულის მოგებას ემსახურება განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის დაგეგმილი სავალდებულო გამოცდის გაურკვეველი თარიღით, შემოდგომისთვის გადადება.

დამკვირვებლებზე ზეწოლა

ISFED-ის შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოდ უნდა შეფასდეს, მონიტორინგის დაწყების შემდეგ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე განხორციელებული ირიბი ზეწოლის შემცველი სატელეფონო ზარი და მინიშნება, რომ, აქტიურობის შემთხვევაში, მის ბიზნესს პრობლემები შეექმნება. ასევე, სავარაუდოდ, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები გამოვლინდა ქუთაისსა და ხულოში. ქუთაისში უცნობი პირები „ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებებისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ, ხულოში კი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული პირის ძმა აცხადებს, რომ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამამ არჩევნების პერიოდში დახმარება სთხოვა, ხოლო უარის შემდეგ მისი ძმა დააპატიმრეს.

ISFED-ის რეკომენდაციები

“სამართლიანი არჩევნები” ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს:

  • არ განახორციელონ ზეწოლა დამკვირვებლებზე და ხელი არ შეუშალონ სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებაში;
  • არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად;
  • პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა თავი შეიკავონ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისგან. ქველმოქმედების განხორციელებისას, მაჟორიტარმა დეპუტატებმა დაიცვან ანონიმურობა და თანხები შესწირონ იმ ფონდებს, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ოპონენტების კამპანიურ ღონისძიებებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისა და დასწრებისგან. ასევე, არ უნდა დაუშვან თავისი მხარდამჭერების მიერ სხვა პარტიების შეხვედრებისა და კამპანიური საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
  • პარტიებმა და კანდიდატებმა ამომრჩევლებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის და მედიისთვის, რათა ხელი შეეწყოს საარჩევნო კამპანიის მონიტორინგს.
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დახმარების გაცემისას იმოქმედონ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით და მოსახლეობას არ შეუქმნან განცდა, რომ გაცემული დახმარების უკან მმართველი პარტია დგას.
  • საქველმოქმედო ორგანიზაციებმა და ჰუმანიტარული აქციების ორგანიზატორებმა საქველმოქმედო აქციების ჩატარებისას არ დაარღვიონ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი აკრძალვები და არ გამართონ მსგავსი ღონისძიებები პოლიტიკურ პარტიებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად; არ გამოიყენონ საქველმოქმედო აქცია რომელიმე პარტიის ან/და კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციისთვის.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს პირველი ივნისიდან ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის მხარდაჭერით. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში, ძირითადად, მოიცავს 2020 წლის პირველუ ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი