ონში ონის კასკადების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ონში აქტივისტებმა და ადგილობრივმა მოსახლეებმა ონის ჰესების კასკადების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართეს და პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმება მოითხოვეს. ისინი დღეს, 4 ივლისს, ონის სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდგომ კი გამგეობის შენობასთან გადაინაცვლეს.

“აქცია იყო 17 მარტის გარემოსდაცვითი ნებართვის საპასუხო. მაშინ საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და [ვერ მოხერხდა]. საგანგებოს მოხსნის შემდეგ, 24 მაისს, აქცია გაიმართა თბილისში, დღეს კი – ონში. ვითხოვთ გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმებას, პირველ რიგში”, – აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა და  მოძრაობის “არა ონის კასკადებს” წარმომადგენელმა, თამთა მეტრეველმა, “ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი თქმით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, უსაფრთხოების კომპონენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ზემოაღნიშნული ნებართვის გაცემა სახელმწიფოს მხრიდან მართლზომიერი გადაწყვეტილება არ იყო.

მას შემდეგ, რაც ონში ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის პროცესი დაიწყო, გარემოს დამცველები მოსალოდნელ გამოუსწორებელ ზიანზე მიუთითებენ. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლება ჰესების მოწინააღმეგეების კრიტიკას “მოღალატეობრივს” უწოდებს და ირწმუნება, რომ ჰესს რაჭისთვის სარგებელი უფრო მეტი ექნება, ვიდრე ზიანი.