გენდერულ კვოტირებაზე ბესელიას ალტერნატიულ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას მიერ გენდერულ კვოტირებაზე წარდგენილ ალტერნატიულ წინადადებას, რომელიც პარლამენტში უფრო მეტი ქალის წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა, ვიდრე ეს მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტითაა გარანტირებული.

ამჟამად პარლამენტში მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი ცვლილებები მხოლოდ გარკვეულწილად ითვალისწინებს გენდერულ კვოტირებას და შემდეგი პრინციპი შემოაქვს:

ეკა ბესელია კი ითხოვდა, რომ არა 2028 წელს, არამედ წელსევ ყოფილიყო პარტიულ სიაში ყოველ სამ კანდიდატში ერთი მაინც  განსხვავებული სქესის პოლიტიკოსი.

ეკა ბესელიას ალტერნატიულ წინადადებას მხარი 6-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6 წინააღმდეგი წავიდა, შესაბამისად, ინიციატივა ჩავარდა.

პარლამენტმა გენდერულ კვოტირებაზე უმრავლესობის მიერ ინიცირებულ მოდელს დაუჭირა მხარი, რომელიც 2028 წლამდე ყოველ 4 კანდიდატში ერთ განსხვავებული სქესის პოლიტიკოსს მაინც ითვალისწინებს.

კვოტირების საკითხზე დებატები გაიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კვოტირება განიხილება, როგორც დროებითი ზომა, აქედან გამომდინარე, კვოტები გაწერილია სამი მოწვევის პარლამენტისთვის. 2020 წელს, მისი თქმით, სულ მცირე, 30 ქალი მაინც იქნება პარლამენტში, რაც მათ ახლანდელ რიცხვზე — 21-ზე მეტია.

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტს ამ მიმართულებითაც შეუძლია მეტის გაკეთება. საია-ს წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ თქვა, რომ „გენდერულ კვოტებზე შეგვიძლია კიდევ უფრო წინ წავიდეთ“;

დამოუკიდებელმა პარლამენტარმა ეკა ბესელიამ ალტერნატიული ვერსია წარმოადგინა, რომლის თანახმადაც პარტიებმა ცესკოსთვის წარდგენილ პროპორციულ სიებში 2020 წელსვე უნდა წარადგინონ სამ კანდიდატს შორის, სულ მცირე, ერთი ქალი.

ეკა ბესელია

„ქართული ოცნების“ პარლამენტარმა ენძელა მაჭავარიანმა კი გამოთქვა იდეა, რომ თუკი ეს სავალდებულო არ გახდება, დამატებითი ფინანსური სარგებლით წახალისდეს, რაზეც კობახიძემ თქვა, რომ ეს ისედაც გათვალისწინებულია.

ამ საკითხზე უფრო დეტალურად ისაუბრა ირმა პავლიაშვილმა, რომელიც 100 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არჩეული წარმომადგენელია „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფში“:

„დადებითად უნდა შევაფასო სავალდებულო გენდერული კვოტის ინიცრება, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი და სამუშაო ჯგუფის აზრით, ეს იქნება ეფექტური იმდენად, რამდენადაც კონსტიტუციით გარანტირებულ არსებით თანასწორობას ვერ უზრუნველყოფს იმ მოცემულობით, როგორც დღეს წარმოდგენილია [კანონპროექტში]. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება, თუკი ყოველ სამეულში მაინც იქნება ერთი განსხვავებული სქესის ადამიანი 2028 წლამდე, ხოლო მას შემდეგ- უკვე ყოველი მეორე“.

„დროებითობაზე როდესაც ვსაუბრობთ, მიგვაჩნია, რომ მოცემული ვადები არასაკმარისია და უნდა ჩაიწეროს საკანონმდებლო დონეზე, რომ სავალდებულო გენდერული კვოტა განსაზღვრული იქნება მანამ, სანამ არ მიიღწევა არსებითი თანასწორობა, თუმცა ასევე პრინციპის დონეზე უნდა განისაზღვროს გადახედვის მექანიზმი, რომლითაც საკანონმდებლო ორგანო იმსჯელებს, მიაღწია თუ არა ქვეყანამ იმ არსებით თანასწორობას, რომლის პრინციპიც აღიარა საკონსტიტუციო დონეზე და აიღო ვალდებულებები საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე“, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

ირმა პავლიაშვილის თანახმადვე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით კრიტიკული მინიმუმი არის 40%. „დღეს ინიცირებული ვარიანტით, 2020 წლის არჩევნებისთვის ვიღებთ 20%-ს (30 ქალ პარლამენტარს), რაც მხოლოდ მცირედი მატებაა და საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ ოდენობას ვერ აღწევს“, – თქვა მან.

ირმა პავლიაშვილი, ფოტო: საია

ირაკლი კობახიძემ შეთავაზებულ ვერსიებზე პასუხად განაცხადა: „უნდა შევჯერდეთ ისეთ ვარიანტზე, რომელიც იქნება პოლიტიკურად გატანადი და გასვლადი პარლამენტში და სწორედ ასეთი ვარიანტია თქვენს წინაშე“.