ახალი ამბები

ლაგოდეხში ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოზარდის მასწავლებლებს ბრალი წაუყენეს

1 ივლისი, 2020 • 1066
ლაგოდეხში ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოზარდის მასწავლებლებს ბრალი წაუყენეს

ლაგოდეხში ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოზარდის ორ მასწავლებელს, მათ შორის, აღმზრდელს, პროკურატურამ გულგრილობის მუხლით ბრალი წაუყენა.

საქმე ეხება ექსკურსიას, რომლის ფარგლებშიც 2019 წლის 26 მაისს სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეები ლაგოდეხში, გურგენიანში მდებარე ნაკრძალში წაიყვანეს. ექსკურსიაზე მოსწავლეები აღმზრდელთან და სხვა პედაგოგებთან ერთად იმყოფებოდნენ.

„დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას პედაგოგებისთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას.

მიუხედავად ამისა, აღმზრდელი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო, სვლა გაეგრძელებინათ ,,ნინოსხევის“ ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა. ხოლო პედაგოგმა, ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა, გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.

ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია“, – ამბობს უწყება.

მასწავლებლებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც გულგრილობას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ეს მუხლი სასჯელის სახით მათ შორის,ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე.

უწყება ამბობს, რომ კლასის ყოფილი აღმზრდელი პედაგოგიურ საქმიანობას აღარ ეწევა, ხოლო მეორე პირისთვის პედაგოგიური საქმიანობის შეჩერების თაობაზე პროკურატურამ „ალბიონის“ ადმინისტრაციას მიმართა.

ამ თემაზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან:

ექსკურსიები რეგულირების მიღმა – ვინ უნდა დაიცვას მოსწავლეთა უსაფრთხოება

მასალების გადაბეჭდვის წესი