ახალი ამბებიეკონომიკა

დროებით გააუქმებს თუ არა Wizz Air ქუთაისში არსებულ ბაზას, ახლო მომავალში გახდება ცნობილი

1 ივლისი, 2020 • 5996
დროებით გააუქმებს თუ არა Wizz Air ქუთაისში არსებულ ბაზას, ახლო მომავალში გახდება ცნობილი

აუქმებს თუ არა კომპანია Wizz Air ქუთაისში არსებულ ბაზას, სავარაუდოდ, ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

აღნიშნული ინფორმაციის დასაზუსტებლად “ნეტგაზეთი” საქართველოში კომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლობას დაუკავშირდა. კომპანიაში ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, თუმცა გვითხრეს, რომ კომპანიის სათავო ოფისიდან ოფიციალურ გაცნხადებას ხვალისთვის ელოდებიან.

Wizz Air-ის ბაზის დროებით შესაძლო გაუქმების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე აეროპორტების გაერთიანებაში კომენტარს ვერ აკეთებენ. უწყებაში ხსნიან, რომ ზოგადად ბაზის საკითხი კომპანიასა და აეროპორტს შორის ურთიერთობას უკავშირდება და ეს არ ეხება კონკრეტულ რეისებს, რომელსაც კომპანია ქუთაისში ასრულებს.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარი” ბაზის ქუთაისის აეროპორტში განთავსების შესახებ 2016 წლის 4 თებერვალს გახდა ცნობილი. ეს “ვიზეარის” 24-ე ბაზაა.

შენიშვნა: თავდაპირველად სტატიაში ეწერა, რომ ნეტგაზეთს Wizz Air-ის ქუთაისში არსებული ბაზის დროებით გაუქმების შესახებ აეროპორტების გაერთიანებაში დაუდასტურეს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და ნეტგაზეთი ბოდიშს უხდის მკითხველს შეცდომაში შეყვანისთვის.

ამბის გაგრძელება

Wizz Air ქუთაისის ბაზას არ ხურავს, თუმცა ოპერაციებს დროებით აჩერებს

მასალების გადაბეჭდვის წესი