ახალი ამბები

3 დღე სოცაგენტების გაფიცვამდე – რას აპირებს სამინისტრო

29 ივნისი, 2020 • 1817
3 დღე სოცაგენტების გაფიცვამდე – რას აპირებს სამინისტრო

სამ დღეში 90-მდე სოციალური აგენტი გაიფიცება. შესაბამისი განცხადება მათ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უკვე შეიტანეს.

სოცაგენტები ითხოვენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მათ მოუსმინოს და მოთხოვნები დაუკმაყოფილოს. მოთხოვნებს შორის არის 80-ლარიანი ფიქსირებული ხელფასის გაზრდა, ერთთვიანი ხელშეკრულების უვადოდ შეცვლა და ტრანსპორტისთვის ცალკე გამოყოფილი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაახლოებით 250 სოცაგენტიდან –  90 მუშაობას შეწყვეტს.

ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ სოცაგენტების მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემდგომ შეხვედრებზე კი პროფკავშირ „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლი აღარ დაიშვება და მოლაპარაკებები მხოლოდ სოცაგენტებისა და სამინისტროს შორის გაიმართება. სოცაგენტებისთვის ეს მიუღებელია.

განცხადება დარეგისტრირებულია – რას ითხოვენ სოცაგენტები?

სოცაგენტების მოთხოვნები რამდენიმე ნაწილად იყოფა: უპირველეს ყოვლისა, ისინი ითხოვენ, რომ დაწესდეს სავალდებულო ფისქირებული ხელფასი, რომელიც 1 ადამიანის საარსებო მინიმუმის ეკვივალენტია – ხელზე ასაღები 200 ლარი, პარალელურად, სატრანსპორტო ხარჯი (160 ლარი) გამოიყოს ცალკე, ხელფასისგან დამოუკიდებლად.

საქმე ის არის, რომ დღესდღეობით სოცმუშაკებს ფიქსირებული 80 ლარი ერიცხებათ. როგორც თავად სოცმუშაკები განმარტავენ, ამ 80 ლარს სამინისტრო ხან ხელფასს ეძახის, ხან კი- სატრანსპორტო ხარჯებს. პარალელურად, თითო გამოკითხულ ოჯახზე სოცმუშაკი 4.8 ლარს იღებს.

სოცაგენტებისა და „სოლნეტის“ მიერ სამინისტროში შეტანილი განცხადება. ფოტო: სოლიდარობის ქსელი

ამასთანავე, სოცაგენტების ითხოვენ, რომ გრძელვადიანი ხელშეკრულებები დაუდონ. ამჟამად მათ მხოლოდ 1-თვიანი ხელშეკრულებები აქვთ, რაც სოცაგენტების ცხოვრების დაგეგმივის საშუალებას არ იძლევა. მოლაპარაკების პროცესის დროს სამინისტრომ მათ უთხრა, რომ ხელფასები რეორგანიზაციის პროცესში გაიზრდება, ხოლო ხელშეკრულებები ჯერ 6-თვიანი, შემდეგ კი 1-წლიანი გახდება. სოცაგენტები ამბობენ, რომ ეს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებად ვერ ჩაითვლება.

სოციალურ აგენტებს სამინისტროსთან მოლაპარაკებისა და შემდგომ გაფიცვის პროცესში იურიდიულ დახმარებას პროფკავშირების გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“ უწევს.

თავად „სოლიდარობის ქსელის“ იურისტი დავით ომსარაშვილი ამბობს, რომ პროფკავშირების სამინისტროსთან მოლაპარაკებაზე დაშვება კანონით განსაზღვრული უფლებაა. ამის არგაკეთებით კი სამინისტრო სოცაგენტებისა და პროფკავშირების დისკრედიტირებას ეწევა.

„მედიატორებს ვადა გაუვიდათ, შესაბამისად, ჩვენ, პროფკავშირი, მოლაპარაკებებში მხარედ ვრჩებით, ვინაიდან სწორედ დასაქმებულთა კავშირია ეს. კონსტიტუციით აღიარებულია, რომ დასაქმებულებს აქვთ უფლება, შექმნან პროფესიული კავშირი და პროფესიულმა კავშირმა დაიცვას მათი უფლებები“, – ამბობს იურისტი.

ომსარაშვილი ასევე ამბობს, რომ სამ დღეში 90 სოცაგენტი გაფიცვას დაიწყებს, გაფიცვის უფლება კი მათ უკვე მოპოვებული აქვთ, ვინაიდან კოლექტიური დავა მედიაციის გადაჭრის გზით 21 დღის წინ დაიწყო.

რაც შეეხება მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაწილს, იურისტი განმარტავს, რომ არანაირი შეთანხმება ჯერ არ შემდგარა.

რას პასუხობს მათ ჯანდაცვის სამინისტრო?

სოცაგენტების განცხადებისა და პროტესტის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა ისაუბრა.

წოწკოლაურმა თქვა, რომ სოციალურ აგენტებთან ერთი შეხვედრა სამინისტროს უკვე ჰქონდა, თუმცა, რაკიღა ეს არ არის სამართლებრივი დავა და მედიაციას ამ დროისთვის ვადა ამოწურული აქვს, ამ შეხვედრაზეც, არც ახლა და არც შემდგომ, პროფკავშირის წარმომადგენელი არ დაიშვება.

მისივე განმარტებით, სოცაგენტებსა და სამინისტროს შორის რიგი შეთანხმებისა უკვე მიღწეულია – პირველი ივლისიდან მათ ფისიქრებულ ხელფასზე 100 ლარი დაემატება, ხოლო დანარჩენი შემთხვევებისთვის, სამსახურშივე შეიქმნება სარეკომენდაციო ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანება ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლება.

„არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს პროცესი არის ანგაჟირებული… მე პირადად მაქვს ხშირი კომუნიკაცია რეგიონში და თბილისში მომუშავე სოცაგენტებთან –  არ არის აქ საუბარი ერთიან მიდგომაზე, ჩვენ მათთან ვმუშაობთ, ვსაუბრობთ და ყველაფერი იქნება ისე, როგორც უნდა იყოს.

ის მოთხოვნები, რაც მათ ჰქონდათ, ეს იყო ხელფასის ზრდა. ამ ეტაპზე გაკეთდა ის, რაც არის ჩვენს ხელთ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში. მუდმივ კონტრაქტებზე, რათ მათი წუხილი იყო, მივიღეთ გადაყწვეტილება, რომ მათი კონტრაქტები იყოს ხანგრძლივი“, – ამბობს გიორგი წოწკოლაური და დასძენს, რომ შესაბამისი თანხები აისახება მომავალი წლის ბიუჯეტში.

წოწკოლაურის ცნობით, სამინისტრო სოცაგენტებთან იურიდიულ დავაში შესული არ არის – „შესაბამისად, მათ, ცხადია, შეუძლიათ, მიმართონ საკონსულტაციოდ ნებისმიერ იურისტს, მაგრამ სამსახურს შიგნით, მუშა ჯგუფში რაც ხდება, აქ გამორიცხულია“. 

წოწკოლაური ამბობს, რომ სამინისტრო და თავად ის მზად არიან საუბრის გასაგრძელებლად.

წაიკითხეთ ასევე:

ფიქსირებული ხელფასი 80 ლარი, ერთთვიანი კონტრაქტები და სხვა – სოცაგენტები გაფიცვას გეგმავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი