ახალი ამბები

შაქარაშვილის საქმეზე ახალგაზრდები დააკავეს – ადვოკატები

26 ივნისი, 2020 • 1433
შაქარაშვილის საქმეზე ახალგაზრდები დააკავეს – ადვოკატები

რამდენიმე დღის წინ დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს დილით ახალგაზრდები დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან დაკავებულების ადვოკატებმა განაცხადეს.

ტელეკომპანიaა „ფორმულისთვის“ მიცემულ კომენტარში შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ სულ დაკავებულია 17 ახალგაზრდა.

რაც შეეხება მუხლს, ადვოკატი დავით ჭიკაიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფიც დღეს დილით დააკავეს. ბრალი კი, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით წაეყენება.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება. დეტალებზე კი არ ისაუბრეს.


19 წლის გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო, ცხედარს კი ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხებიც ჯერ ცნობილი არ არის.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი. როგორც ტელეკომპანია „მთავართან“ ოჯახის მეგობარი ყვება, შაქარაშვილი გარდაცვალებამდე აგარაკზე გამართულ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც იქ მყოფ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მისი თქმით, შაქარაშვილი და მისი მეგობარი ჩხუბში არ მონაწილეობდნენ და ჩხუბში მონაწილე სხვა პირების გაშველებას ცდილობდნენ, წვეულების შემდეგ კი მათ უცნობი პირები გზაზე მანქანით აედევნენ, ისინი კი სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ.

შაქარაშვილი ბოლოს მისმა მეგობარმა მაშინ ნახა, როდესაც ხევში სხვა პირთან ერთად ჩარბოდა.

ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით კონკრეტულ დასკვნას ვერ გავაკეთებთ – შაქარიშვილის ოჯახი

მასალების გადაბეჭდვის წესი