ახალი ამბები

ჟიჟილაშვილი და სანაია გადაცემას “ფორმულაზე” წაიყვანენ

25 ივნისი, 2020 • 1661
ჟიჟილაშვილი და სანაია გადაცემას “ფორმულაზე” წაიყვანენ

გადაცემა “პოლიტმეტრის” სრული სარედაქციო შემადგენლობა, რომელმაც ცოტა ხნის წინ “TV პირველი” დატოვა, ტელეკომპანია “ფორმულაზე” განაგრძობენ მუშაობას. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, გადაცემა უცვლელი ფორმატით გავა ეთერში. მას კვლავ ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია გაუძღვებიან.

“პროექტი ეთერში გავა კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს, საღამოს ცხრა საათზე. გადაცემა გავა ფორმატით, რომელიც “პოლიტმეტრს” ჰქონდა 2011 წლიდან მოყოლებული”, – აღნიშნა ჟიჟილაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ტვ “პირველის” წამყვანებმა, ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა გუნდთან ერთად ტელეარხი 12 ივნისს, პროდიუსერებთან და ჟურნალისტებთან ერთად დატოვეს.

“ჩვენ თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას ამ არხზე, რაც, სამწუხაროდ, ახლა უკვე აღარ გამოგვდის. ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ არ მოგვწონს ის, რაც ჟურნალისტური სტანდარტის და გემოვნების, ასევე ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით ტვ პირველზე ხდება. არ მოგვწონს და ვერაფერს ვცვლით”, – დასძინა ჟიჟილაშვილმა ბოლო გადაცემაში და მადლობა გადაუხადა ყველას, მათ შორის დამფუძნებელსა და კოლეგებს, რომლებმაც ამდენი წლის განმავლობაში მათ მუშაობის საშუალება მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი