სამინისტრო “ფრონტერასთან” კომპრომისზე საუბრობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ამბობს, რომ მზად არიან, ფრონტერას გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელების უფლება მისცენ. ამას გარდა, თვალაბეიშვილი “ფრონტერას” წარმომადგენლებს შეხვედრასაც სთავაზობს:

ორი თვის წინ დასრულდა დავა საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოსა და კომპანია „ფრონტერას“ შორის და ყველა მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ქართულმა მხარემ დააყენა, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მისი მიღების შემდეგ დარჩა გარკვეული კითხვები, როგორც კომპანია „ფრონტერას“, ასევე, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ ეს საკითხები გავიაროთ კომპანიასთან და ვეცადოთ გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს კომპანია „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან შესაბამისი გარანტიის მიღებით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, რომ შეხვედრა შედგეს, რათა ეს საკითხები განვიხილოთ.”

“ფრონტერამ” გაავრცელა 2 ივნისს პრემიერისთვის მიწერილი წერილი, რომელშიც გიორგი გახარიას თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს, რაც კომპანიის განცხადებით, “წამახალისებელი სიგნალი იქნება ამერიკული კომპანიებისთვის”. წერილში “ფრონტერა” მთავრობას აკრიტიკებს ქვეყანაში გაუარესებული საინვესტიციო გარემოს გამო და აცხადებს, რომ 2013 წლიდან საქართველოში ანტიამერიკული განწყობები იზრდება.

გახარიასთვის გაგზავნილ წერილში ასევე საუბარია ჩინურ კომპანია CEFC-ზე, რომელსაც “ფრონტერას” ინფორმაციით, ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში 75%- იანი საკონტროლო პაკეტი გადაეცა. მათივე ცნობით, კომპანიამ ვეღარ განახორციელა $ 150 მილიონის საინვესტიციო ვალდებულება, რასაც საქართველოს მხრიდან ჯარიმა ან რაიმე სანქცია არ მოჰყოლია.

“თქვენ კი საჯაროდ მოიხსენიეთ ფრონტერა, როგორც „არაკეთილსინდისიერი კომპანია“, და ეს მაშინ, როცა ფრონტერამ $500 მილიონზე მეტის ინვესტირება განახორციელა საქართველოში, მიუხედავად მხოლოდ $18 მილიონის ვალდებულებისა. თანაც ნავთობისა და გაზის ის მარაგი აღმოაჩინა, რაც საქართველოს გახდის ენერგოდამოუკიდებელს. რატომ?

ახლა, როცა ხელისუფლების იურიდიული ქმედება ფრონტერას წინააღმდეგ დასრულდა, იმედი გვაქვს, რომ კონსტრუქციული სულისკვეთებით დავხურავთ ამ თავს და უფრო ძლიერ და წამახალისებელ სიგნალს გაუგზავნით ამერიკულ კომპანიებს”,-ნათქვამია წერილში.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარე დავა ქართული მხარის გამარჯვებით დასრულდა. ფრონტერა კი ამტკიცებს, რომ მთავრობა ცრუობს და შედეგეით ისინიც კმაყოფილები არიან. ქართული მხარე ასევე აცხადებს, რომ მზადაა, გაასაჯაროოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება, თუმცა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ამის უფლება ამ ეტაპზე არა აქვს და უკვე მიმართეს კომპანიას შედეგების გასაჯაროებაზე თანხმობის მისაღებად.