3.. 2.. 1.. გაუშვი სტარტაპი შორეულ ჰორიზონტზე

იმ კარებს, რომელიც წარმატებას გვაშორებს ხოლმე, აღებს ერთი მაგიური გასაღები, რომელზეც, როგორც ამბობენ, ოქროს ასოებითაა ამოტვიფრული “აკეთე ის, რაც გიყვარს”. ეს ძველი და ყველასთვის კარგად ნაცნობი “სიბრძნეა”, მაგრამ რამდენ ჩვენგანს აქვს გამბედაობა, მიჰყვეს ოცნებებს?

დღეს მოგიყვებით რამდენიმე ამბავს, რათა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად ღირს ყველაზე უფრო თამამ ოცნებებშიც კი თავაწეულებმა შეაბიჯოთ. მაშ ასე:

Grab

Grab სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული “ყოველდღე-ყველაფერი” ტიპის კომპანიაა, რომელიც 2012 წელს მალაიზიაში დაფუძნდა როგორც ტაქსის გამოძახების აპლიკაცია.

დიდი და გრძელი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ კომპანიის ამჟამინდელი ღირებულება 14 მილიარდი დოლარია. Grab-ი ადამიანებს სთავაზობს: ტაქსით მომსახურებას, საჭმლით მომარაგებას ყველგან, სადაც ისინი არიან, მოქნილი გადახდების სისტემას, მიტანის სერვისს, კინოს ბილეთების ყიდვას, სასტუმროს ნომრის დაჯავშნას, დაზღვევას, სასაჩუქრე ბარათებს და სხვა ტექნოლოგიურად გამარტივებულ მომსახურებას.

თავად კომპანიის ვებგვერდს თუ გადაავლებთ თვალს, ცხადად დაინახავთ იმ სულისკვეთებას, რამაც ეს ბიზნესი უშუალოდ რეგიონში მცხოვრები ხალხის ყოველდღიურობად აქცია.

“მივცეთ საშუალება ყველას, მიუხედავად შესაძლებლობებისა და ფონისა. ჩვენ შემოსავლის წყაროს ვთავაზობთ ყველა ადამიანს, თავს ვალდებულად ვთვლით რა, მივისწრაფოდეთ უფრო და უფრო დიდი ინკლუზიურობისკენ”

“ჩვენ მხოლოდ ერთი პლანეტა გვაქვს, ასე რომ მოვუაროთ მას”

 

Canva

Canva არის საშუალება, თქვენი დიზაინერული ჩანაფიქრები ონლაინ და მარტივად აქციოთ რეალობად. შექმნის ისტორიაც ასეთია, 2007 წელს მელანი პერკინსი, Canva-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ავსტრალიაში უნივერსიტეტში სწავლისას მიხვდა, რომ მაშინ ცნობილი და პოპულარული დიზაინ პროგრამები InDesign და Photoshop-ი რთული ასათვისებელი და გამოსაყენებელი იყო სტუდენტების უმეტესობისთვის. მაშინ გაჩნდა იდეა, ყველასთვის გასაგები და მარტივი პლათფორმის შექმნისა.

კლიფ ობრეხტთან და კემერონ ადამსთან თანამშრომლობით მელანიმ 2012 წელს შექმნა კიდეც Canva, ონლაინსივრცე, სავსე მრავალგვარი ინსპირაციით, შაბლონით, სტატიით, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები მსოფლიოს გარეშემო წუთში 3000 დიზაინს ქმნიან.

Udemy

“მე გავიზარდე სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის პატარა სოფელში. ადრეული ასაკიდან ძალიან დაინტერესებული ვიყავი ჭადრაკითა და მათემატიკით. მაგრამ მაშინ არც ისე ბევრი რამის გაკეთება შემეძლო ამ მხრივ. სწავლა არ იყო მარტივად ხელმისაწვდომი, არამედ იყო ის რისთვისაც უნდა გებრძოლა. მოტივაციის პრობლემა არ ყოფილა, უფრო ისეთი დაბრკოლებებს ვაწყდებოდით როგორიცაა, მაგალითად, სამი მილის გავლა ფეხით სკოლამდე, თოვლიან ამინდშიც კი. ჩემთვის ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა მშობლებმა კომპიუტერი მიყიდეს და ინტერნეტი ჩართეს. კომპიუტერის საშუალებით მრავალი რესურსი აღმოვაჩინე, რომელის მათემატიკის სწავლაში დამეხმარა. ეს დამეხმარა იმის გააზრებაშიც, რომ მომავალში ნებისმიერი რაიმეს სწავლა ინტერნეტით გახდებოდა შესაძლებელი. ამგვარად შეგიძლია ისწავლო ყველაფერი, ყველგან და ყოველთვის. “

ეს სიტყვა ერენ ბალის ეკუთვნის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო პლათფორმის შემქმნელს. მან Udemy პირველად სწორედ თურქეთში დააფუძნა. 25 წლის ასაკში კი სილიკონის ველზე გაემგზავრა. ბალი იხსენებს, რომ არაერთხელ დანებდა, მაგრამ ბოლოს თქვა, რომ ეს ის საქმე იყო, რომელიც ადამიანებს ძალიან სჭირდებოდათ და რომელიც ვინმეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა.

დღეისთვის 100 000-ზე მეტი სასწავლო კურსით და 50 მილიონზე მეტი მომხმარებლით Udemy-ს საბაზრო ფასი 2 მილიარდი დოლარია.

რა აერთიანებს ამ კომპანიებს?

თუ ფიქრობთ, რომ ეს კომპანიები ადამიანების ცხოვრების გამარტივებისკენაა მიმართული, თქვენ სრულიად მართალი ბრძანდებით. მაგრამ არის კიდევ რაღაც. ყველა მათგანს 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა აქვს გავლილი.

500 Startups მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქსელერატორია, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპის სწრაფ განვითარებას.

500Georgia – 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა საქართველოს ბანკის და საქართველოს  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო.

შერჩეულ 15 სტარტაპს უკვე აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად იმუშაონ საკუთარი იდეების დახვეწაში. ამასთან, მოიძიონ ფინანსური რესურსი, მიიღონ საინტერესო ინფორმაცია მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და სხვა მათთვის საჭირო სფეროების შესახებ.

აქსელერაციის პროგრამისთვის შეირჩა 9 ქართული და 6 უცხოური კომპანია. ესენია: Nextsale; Mandarin Solutions; Cargon; CARU; FINMAP; CARDEAL; Phubber; Intrro; Stack; Raccoon.World; LiveCaller; WeGoTrip; Tripcars; Echolize ; Lightspeed.

CARDEAL-ის წარმომადგენლის, ზურაბ ბაკურიძის თქმით, კომპანიის მიზანი არის ის, რომ  მომხმარებელმა სახლიდან გაუსვლელად ონლაინ კონსულტაციისა და  საიტის მეშვეობით შეძლოს მისთვის სასურველი ავტომობილის შეძენა და ჰქონდეს მარტივი წვდომა საჭირო სერვისების სპექტრზე:

● 500,000 ავტომობილი მსოფლიოს წამყვანი აუქციონებიდან , რომელიც განახლებადია და მოწოდებულია ისეთი კომპანიების მიერ როგორიცაა: BNP Paribas, ADESA.EU Insurance Auto Auction, Copart და ა.შ.
● ავტომობილის შერჩევის პროცესში სრული კონსულტაცია
● ტრანსპორტირება
● ლიზინგი (დაფინანსება)
● საიტიდანვე აუქციონში მონაწილეობა
● VIN კოდის მეშვეობით Carfax-ის შემოწმება

“დროის მოკლე პერიოდში შევქმენით სავაჭრო ინფრასტრუქტურა, რომლის ანალოგი ელ.კომერციაში რეგიონალურ დონეზე არ არსებობს. ასევე საერთაშორისო პარტინიორების ჩართვა მოხდა პლატფორმაზე და ვალიდაციის კუთხით ბაზრის კონსოლიდაციის მიმართულებით სწრაფად ვიზრდებით.

500 სტარტაპის პროგრამაში ყოფნა, პირველ რიგში ნიშნავს ჩვენი პლატფორმისა და ბიზნეს მოდელის საერთაშორისო ვალიდაციას, რაც საშუალებას მოგვცემს მეტად ვკონცენტრირდეთ პროდუქტის გაუმჯობესებასა და გლობალურ პოზიციონირებაზე” – ამბობს ზურაბ ბაკურიძე.

 

„მოხარულები და ამაყები ვართ, რომ სწორედ საქართველოს ბანკის, როგორც კერძო სექტორის და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობით უკვე დაიწყო აქსელერაციის პროგრამა. დღეიდან უკვე სტარტაპები იწყებენ იმ ძალიან საინტერესო გზას, რაც მათ მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან.  ეს არის ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა და გვიხარია, რომ ამ პროექტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ. გვჯერა, რომ 500 Georgia ხელს შეუწყობს ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას, დაეხმარება მათ წარმატებული კომპანიების შექმნაში, რაც საბოლოო ჯამში გლობალური ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მონაწილეებს ჩვენს თავს და ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ასე რომ, კარგად მოძებნე ძველი ჩანაწერები, ააწყვე კოსმოსური ხომალდი, რადგანაც შეიძლება სწორედ შენი იდეა იყოს ის მამოძრავებელი, რომელიც ახალი ჰორიზონტისკენ გაჭრის გაუკვალავ გზებს.