ახალი ამბები

რატომ არ შეიძლება დექსამეტაზონის თვითნებურად მიღება

17 ივნისი, 2020 • 16383
რატომ არ შეიძლება დექსამეტაზონის თვითნებურად მიღება

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, რომლის წინასწარი პასუხებიც უკვე გამოქვეყნებულია, პრეპარატ დექსამეტაზონს COVID-19-ით კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში სიკვდილიანობის შემცირება შეუძლია.

მიუხედავად ამისა, მისი თვითნებურად მიღება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

მომატებული გაღიზიანებულობა, მადის მატება, ინსომნია  – ეს იმ უკუჩვენებათა მცირე ჩამონათვალია, რომელიც პრეპარატის თვითნებურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს. იშვიათ შემთხვევაში კი, შესაძლოა, ლეტალური შედეგიც დადგეს.

ნეტგაზეთი ამ საკითხზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტ რევაზ მეჭურჭლიშვილს ესაუბრა.

„თვითნებურად ამ წამლის მიღება საერთოდ არ შეიძლება. კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა, ამბობს, რომ დექსამეტაზონი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი არის აპარატზე, ინტუბირებულია ან ჟანგბადს საჭიროებს.

დანარჩენ პაციენტებში, იმ პირებში, ვინც ჟანგბადის ხელოვნურ მიწოდებას არ საჭიროებენ, ანუ საშუალო და მსუბუქ შემთხვევებში, დექსამეტაზონის გამოყენებას არანაირი შედეგი არ ჰქონია. დადებითი ეფექტი დადგა მხოლოდ იმ პირებთან, ვისთანაც ავადმყოფობის მიმდინარეობა მძიმე იყო. შესაბამისად, ამ პრეპარატის თვითნებურად მიღება არანაირად არ არის მიზანშეწონილი“ – გვეუბნება რევაზ მეჭურჭლიშვილი.

ექიმი განმარტავს, რომ დექსამეტაზონი შეიცავს ჰორმონს, კორტიკოსტეროიდს, რომელიც ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ გამოიყენება და რომლის თვითნებურად ან/და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიღება არ შეიძლება. ამ პრეპარატს ბევრი უკუჩვენება აქვს, მათ შორის, შეიძლება იყოს: გაღიზიანებადობა, ძლიერ გაზრდილი მადა, ძილთან დაკავშირებული სირთულეები, ინსომნია, კუნთების ტკივილი და სხვა.

„თუ ადამიანს აქვს ჭრილობა, შეიძლება, ამ პრეპარატმა მისი შეხორცება გაახანგრძლივოს, დიაბეტის მქონე პირებში კი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა დაინიშნოს. საქმე ის არის, რომ ეს პრეპარატი ორგანიზმში შაქრის დონეს ძალიან მაღლა სწევს“, – ამატებს მეჭურჭლშვილი.

რაც შეეხება ლეტალურ შედეგს – ის ინდივიდუალურია. ექიმი-ინფექციონისტი ამბობს, რომ, როგორ წესი, კორტიკოსტეროიდები ლეტალურ შედეგს ძალიან იშვიათად იწვევს, თუმცა, „თუ ადამიანი დიდ დოზას მიიღებს, ბევრს დალევს, არ არის გამორიცხული ლეტალური შედეგიც“.

„აქამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია იყო, რომ კორტიკოსტეროიდების პაციენტებისთვის მიცემა კოვიდის წინააღმდეგ არანაირ შედეგს არ იძლეოდა. თუმცა დაშვებული იყო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს კორტიკოსტეროიდებისთვის განსაზღვრული სხვა რაიმე ჩვენება ჰქონდა.

ჩვენ რამდენიმე ასეთ შემთხვევაში გამოვიყენეთ პრეპარატი, ოღონდ არა კოვიდის საწინააღმდეგოდ, არამედ სერიოზული პნევმონიის, როდესაც სხვა რაღაცას ვერ ვიყენებდით. ამის შემდეგ, შესაძლოა, უკვე სერიოზული ფიქრი დავიწყოთ დექსამეტაზონის გამოყენებაზეც, ოღონდ არა მსუბუქი და საშუალო პაციენტებისთვის“, – აცხადებს რევაზ მეჭურჭლიშვილი.


დაბალფასიანი პრეპარატი დექსამეტაზონი COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში სიკვდილიანობას დაახლოებით 1/3-ით ამცირებს – ამ დასკვნამდემივიდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები, რომლებიც COVID-19-ის თერაპიის რანდომიზებულ კვლევას (RECOVERY) ატარებენ.

გაერთიანებულმა სამეფომ COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატების ყველაზე დიდი შერეული კლინიკური კვლევა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. RECOVERY-ში 175 ჰოსპიტალიდან დაახლოებით 11 500 პაციენტი ჩაერთო. RECOVERY იკვლევს კორონავირუსის მკურნალობის ისეთი მეთოდების ეფექტურობას, როგორიცაა:

  • ლოპინავირ/რიტონავირი, რომელიც შიდსის საწინააღმდეგოდ გამოიყენება;
  • დექსამეტაზონის მცირე დოზა;
  • ჰიდროქსიქლოროქვინი;
  • აზიტრომიცინი (ანტიბიოტიკი);
  • ტოცილიზუმაბი (იმუნოდეპრესიული საშუალება);
  • COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა.

RECOVERY-ის კვლევის ფარგლებში, საერთო ჯამში, 2 104 პაციენტი, 10 დღის განმავლობაში, დღეში ერთხეელ 6 მგ დექსამეტაზონს იღებდა. მათი შედეგები შედარებული იყო 4 321 პაციენტის შედეგებთან, რომლებიც დექსამეტაზონს არ იღებდნენ.

ვრცლად:

დექსამეტაზონი კოვიდ პაციენტებში სიკვდილიანობას 1/3-ით ამცირებს – RECOVERY-ის კვლევა

მასალების გადაბეჭდვის წესი